ქართული კინო - რეალობის მიღმა
„ახდენს თუ არა რეალობის რეფლექსიას თანამედროვე ქართული კინო?!“,„კინოდოკუმენტალისტიკა - მანიპულაციის დეკონსტრუქცია“, „კინოს კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციები. მუნიციპალური კინოს პოლიტიკა“ - ამ საკიხების გარშემო გაიმართა დისკუსია 4 აგვისტოს ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში. შეხვედრა Izone-ის პროექტის „პლატფორმა – ღია ქალაქის“ ფარგლებში მოეწყო და აღნიშნულ თემებზე მომხსენებლებმა ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა, კინოდიკუმენტალისტმა სალომე ჯაშმა და კინომცოდნე თეა გაბიძაშვილმა ისაუბრეს.
მსგავსი შეხვედრები ყოველთვიურად
იმართება ქუთაისში. მათ მიზანს წარმოადგენს
სოციალური, კულტურული, მენტალური ცვლილებების განხორციელება საგანმათლებლო, სამეცნიერო
და არტ-პროექტების გზით.
აგვისტოს თვის „სამიზნე“
თანამედროვე ქართული კინო იქცა. ის კინო, რომელიც მომხსენებელთა აზრით აცდენილია დროის
კონტექსტებს, გარკვეულად იზოლირებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან, ასევე იჩენს
„შიდა“ კარჩკეტილობას,
„ვერა-ვაკის კინემატოგრაფად“ რჩება. თითქოს ამ პრობლემის დაძლევის გარკვეული მცდელობები
არის კონკრეტულ ფილმებში, თუმცა ეს მცდელობები მხოლოდ ანარეკლის შთაბეჭდილებას ტოვებს
და ზედაპირულ, რეპორტაჟულ დონეს ვერ ცდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველ კინემატოგრაფისტთა
შემთხვევაში რეალობის ფიქსაცია ნაკლებად წარმოადგენს სინამდვილის ასახვას. ანუ არ ხდება
რეალობის რეფლექსია, გააზრება და სიღრმისეული კვლევა.
ამის ერთ-ერთ მიზეზად
მომხსენებლები ქართველი კინემატოგრაფისტების მითებისადმი მიდრეკილებას ასახელებენ.
მათ „ურჩევნიათ მითების ტყვეობაში დარჩნენ, იკვებონ მითებით და ნაკლებად გაუსწორონ
თვალი რეალობას“, - ამბობს თეო ხატიაშვილი.
სამაგიეროდ საქართველოში,
ქართული კონოტრადიციების საპირისპიროდ, დოკუმენტური კინო მოექცა ავანგარდში. კრიზისის
პირობებში გარკვეული სათქმელი და სიცხადე მოიტანა ქართულ კინოში.
ამის გარკვეული ილუსტრირება
მოხდა სალომე ჯაშის ფილმიდან, „ბახმარო“, ფრაგმენტების წარმოდგენით და რუსუდან ჭყონიას ფილმის
ჩვენებით.
„პლატფორმა -ღია ქალაქის“ ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრა რუსუდან ჭყონიას ფილმით „გაიღიმე!“ დასრულდა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი