წყალტუბოში ,,ქართული ოცნება“ საოლქო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს
კოალიცია ,,ქართული
ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში
ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, კომისიამ საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის
დროს კოალიციის წევრები შეხვედრაზე არ მიიწვია და გადაწყვეტილება მათ გარეშე მიიღო.
„პირველად შევიკრიბეთ
9 აგვისტოს, ათ წუთიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ, დაახლოებით, რა უნდა გაკეთებულიყო
კვირისთვის. კვირას მთელი დღის მანძილზე მე და გიორგი დოლიძე ვცდილობდით დავკავშირებოდით
საოლქოს, მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდით. ორშაბათს გავიგეთ, რომ უკვე საზღვრები იყო
დამტიცებული. როგორ, რა მეთოდიკით და რა პრინციპით,
არ ვიცით“ - აღნიშნა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში მაია შალამბერიძემ.
,,ქართული ოცნების“
წევრები წყალტუბოს რაიონში კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობენ, რომელიც საარჩევნო
უბნების ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებას გულისხმობს, რაც მათი თქმით,
საარჩევნო კოდექსის 58 მუხლს არღვევს.
,,საარჩევნო კომისიის
58–ე მუხლის ბ ქვეპუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და
კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფოს,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო
უბნის ტერიტორიაზე არ არის შესაფერისი შენობა. სურვილის შემთხვევაში, ალტერნატიული
ფართების მოძიება ამ სოფლებში, მუხიანსა და წყალტუბოში, შესაძლებელი იყო,“ – აცხადებს
„ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი.
კოალიციის ბრალდებებს
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევას
არცერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
,,ქართული ოცნების“
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სხდომაზე, რომელიც გაიმართა და ესწრებოდა მათი წარმომადგენელი
საზღვრებთან დაკავშირებულ სხდომას. რაც შეეხება უბნების საკითხს, მხოლოდ სოფელ წყალტუბოშია
მსგავსი ფაქტი. საოლქო საარჩევნო კომისიის 58–ე მუხლში მითითებულია ის გარემოება, რომ
საუბნო კომისია არ შეიძლება განთავსდეს ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში,
თუმცა კოდექსი ცალსახად მიუთითებს იმ გამონაკლისებზე, რაც საშუალებას გვაძლევს განთავსდეს
საუბნო კომისია ამ შენობაში. ეს არის შემთხვევა, როცა არ არსებობს იმ სოფელში ალტერნატიული
ადგილი“ - აღნიშნა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა მარი კანკაძემ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე