ევროპის საბჭომ საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და ცხინვალს/სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებებს" არ აქვს იურიდიული ძალა. ე.წ. „ხელშეკრულებები" არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რაც არღვევს იქ მცხოვრებთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის მნიშვნელობას და აღნიშნულთან დაკავშირებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.
ავტორი: ანა ჯიქია