ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა „ნაციონალების" რიგებიდან ახალ ფრაქციაში გადაინაცვლეს
ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ახალი ფრაქცია „ქუთაისი“ ჩამოაყალიბა. ფრაქციისთვის
საჭირო კიდევ ორი წევრის ადგილი კი „ნაციონალების“ რიგებიდან შეივსო.
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალების“ კვოტით მოხვედრილი
კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყოფილ „ახალ მემარჯვენესთან“ მამუკა მღვდელაძესთან ერთად ფრაქცია ჩამოაყალიბეს.
„ქუთაისში უნდა დამთავრდეს ქალაქის საკრებულოს უფუნქციობა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ
შეგვექმნა საკრებულოში ფრაქცია „ქუთაისი“, რომლის მიზანი იქნება ქალაქის ინტერესების დაცვა. ამას კი საკრებულოს
უკვე დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად გავაკეთებ.
ვიქნებით ძალიან აქტიურები და მომთხოვნები“,
- განცხადა ახლადშექმნილი ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.
მღვდელაძემ ახალი ფრაქციის თანადამფუძნებლები მედიას
დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა.
„მე დღეს დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ვფიქრობ, რომ იქ დარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი
ფრაქციის შექმნა, რომელიც უფრო მეტს გააკეთებს. საკრებულოში ყოველთვის ვგრძნობდი კომუნიკაციის პრობლემას, რაც თავის მხრივ სხვადასხვა
პრობლემებს ქმნიდა. ამიტომაც, უპირველესი რასაც ახალი ფრაქცია გააკეთებს, იქნება მეტი
კომუნიკაცია ოპონენტებთან, კოლეგებთან და საზოგადოებასთან.
ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომაც, რომ წინ
გველოდება რთული პოლიტიკური პერიოდი“, - განაცხდა საკრებულოს უმრავლესობის უკვე ყოფილმა
წევრმა კახა ნურალიძემ.
„მე ყოველთვის
ვამბობდი იმას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნოდი. მე ვრჩები საკრებულოში,
როგორც უპარტიო დამოუკიდებელი წევრი, იმ ხალხთან ერთად, რომელთა აზრებს ვიზიარებ“, - განმარტა
გიორგი სიხარულიძემ.
შეგახსნებთ,
რომ სიხარულიძემ საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება 28 სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში,
პოლიტიკური მოტივებით, ახალი სეზონის ჩაშლის შემდეგ მიიღო. რომლის თაობაზეც საჯაროდ
განაცხადა. თუმცა, მას საკრებულოსთვის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე ოფიციალურად,
განცხადებით არ მიუმართავს.
„მინდა გითხართ, რომ ძალიან ბევრ დეპუტატს უმრავლესობის
რიგებიდან სურს ამ ფრაქციაში გადმოსვლა. ამიტომაც, მალე ფრაქცია „ქუთაისში“„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ
წარმომადგენელს იხილავთ. რადგან, ხალხს შიშის განცდა აღარ აქვთ“, - აღნიშნა მღვდელაძემ.
„ქუთაისის“ დამფუძნებლები საკრებულოში ახალი ფრაქციის
შექმნის შესახებ განცხადებას დღეს შეიტანენ.
შეგახსენებთ, რომ კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული
სიით მოხვდნენ.
კახა ნურალიძე საკრებულოს დეპუტატობის პარალელურად არის, დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტის დამფუძნებელი, იმერეთის ჭადრაკის
ფედერაციის პრეზიდენტი. ხოლო, გიორგი სიხარულიძე ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის
მმართვლია.
ავტორი: თეკლა მორგოშია