|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გლობალიზაცია და საქართველო“

20 ნოემბერს, ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „მსოფლიო გლობალიზაცია და საქართველო“. ლექცია ორგანიზებული იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მიერ „ეკონომიკური აზროვნების განვითარების მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში. ლექციას უძღვებოდა წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე.

ჯულაყიძის განმარტებით, გლობალიზაციის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, თუმცა როგორი დამოკიდებულებაც უნდა არსებობდეს, ფაქტია, რომ კაცობრიობა უკვე იმყოფება გლობალიზაციის პროცესში  და ეს პროცესი მიმდინარეობს სწრაფი ტემპით.

უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აზრით გლობალიზაცია არ ნიშნავს ერების, ენების, რელიგიების, კულტურების წაშლას და ერთზე დაყვანას. გლობალიზაცია დიდ საშუალებას იძლევა თავისუფლების, ასევე კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიური მრავალფეროვნების გამოვლენისა და განხორციელების.

ირაკლი ჯულაყიძის შეხედულებით ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ პლანეტა რომელზეც ვცხოვრობთ არის ერთადერთი და უნიკალური მთელ უსასრულო სამყაროში და მშვენიერი თავისი მრავალფეროვნებით და ამ მრავალფეროვნების ერთიანობით. ამიტომ აუცილებელია, რომ დედამიწის ყველა ერმა თავი ჩათვალოს ამ ერთი სხეულის ნაწილად, რადგან დედამიწის რომელიმე კუთხეში მომხდარი კატასტროფა, სხვებზეც გავლენას მოახდენს.

პროფესორი პლანეტას ადარებს ადამიანის სხეულს: როცა ერთი რომელიმე ორგანო დაზიანებულია ტკივილს მთელი სხეული გრძნობს. ის ასევე ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი ორგანო ადამიანის სხეულში არის ის, რომელიც სხეულის ყველა ნაწილშია და ყველაფერს მოიცავს. მაგალითად, ნერვული სისტემა. ასევეა ერებიც, სწორედ ის ერია ძლიერი, რომელსაც ყველასთან აქვს კავშირი და განსაკუთრებით გახსნილია. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ კაცობრიობამ ეძებოს ერთიანობის წერტილები და საერთო მიზნები. მაგალითად კოსმოსის ათვისება, ან დაავადებებთნ ბრძოლა. ერთიანობის წერტილების პოვნას კი ხელს უწყობს ინფორმაცია.

ჯულაყიძის აზრით სწორედ ინფორმაცია არის დიდი ღირებულება. ინფორმაციაზე დაყრდნობით მოიპოვებ ან კარგავ დოვლათს, ურთიერთობებს, შეიძლება თავიდან აიცილო ომები, თუკი სხვის რელიგიას, ტრადიციებს, კულტურას იცნობ.

ირაკლი ჯულაყიძე თვლის, რომ საქართველომ უნდა იპოვოს ადგილი მსოფლიო გლობალიზაციის ამ პროცესში და შეუერთდეს მას თავისი რესურსით, თავისი უნიკალობით.

ლექცია „მსოფლიო გლობალიზაცია და საქართველო“ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი