|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამნისტიის პროექტი პარლამენტში შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტში მთავრობის წარმომადგენლების პოზიციებს ისმენენ. როგორც კომიტეტში აცხადებენ, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ამის ერთ-ერთ საშუალებად კი ამნისტიას ასახელებენ.

მთავრობის წარმომადგენლები და კანონპროექტის ავტორები ფრთხილობენ კონკრეტული ციფრის დასახელებას, თუ რამდენ ადამიანს შეეხება ამნისტია. თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, პირობითი მსჯავრდებულების გარდა, დახლოებით 8 000 პირზე არის საუბარი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტის შემოთავაზებული ფორმით განხილვა საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფაა.

„ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იჩქარა, როდესაც კანონპროექტი შეიმუშავა და მასში შეიტანა  ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა. ჩვენ შემოგვთავაზა ისეთი ამნისტია, სადაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა დანაშაულის ჩადენას. ჩემთვის გასაკვირია რით ასაბუთებს ის ამას,“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

ამნისტიის პროექტი  სიტყვიერი შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა თაქთაქიშვილსა და ეკა ბესელიას შორის. თაქთაქიშვილმა ბესელიას მოუწოდა მისთვის გამოსვლის საშუალება მიეცა და სხდომაზე წესრიგი უზრუნველყო.  „ნაციონალმა“ დეპუტატმა სხდომაზე არსებული უწესრიგობა იმით ახსნა, რომ ეკა ბესელია ახალი არის კომიტეტის თავმჯდომარის ამპლუაში.

„ქალბატონო ეკა არ გრცხვენიათ, რომ ასეთ იაფფასიან სტანდარტზე გადაგყავთ პარლამენტის და კომიტეტის მუშაობა? საზოგადოება არის დაინტერესებული ამ საკითხით. ჩვენი ამომრჩევლები და ის ხალხი, ვინც ხმა მოგცათ ,“-განაცხადა თაქთაქიშვილმა.

„მე უფრო სხვა რამის მრცხვენია, როდესაც თქვენ საუბრობთ.  რეგლამენტი უნდა დაიცვათ, როდესაც სხდომაზე მობრძანდებით.  წესრიგს ნუ  არღვევთ და ნუ ხულოგნობთ კომიტეტის სხდომაზე. იმ საზოგადოებამ  მიგიჩინათ თქვენ ადგილი ოპოზიციაში და  ნუ საუბრობთ საზოგადოების სახელით,“ - უპასუხა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ მთავრობას მოუწოდა ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით სიმკაცრეს ნუ გამოიჩენენ.  რადგან, მისი თქმით, ძველი ხელისუფლების პირობებში ციხე პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გადაიქცა. 

„კარგი იქნებოდა გაგვეღო ციხის კარებები, გამოგვეშვა ყველა პატიმარი და გვეთქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ადამიანის დაჭერა არ შეიძლებოდა.  მართალია, გამოვიდოდნენ ყველა რჯულის ნაძირალები, თუმცა ყველაზე დიდი ნაძირალები ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ამ ადამიანებს სჯიდა დანაშაულებრივი რეჟიმი. ამიტომ,   ანგარიში გაუწიეთ ამ მიზეზს. უკანონოდ  მოსული ხელისუფლება კაბინეტებში წყვეტდა როგორ დაეჭირათ ეს ადამიანები, არა დანაშაულით, არამედ სახელებით და გვარებით,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმა  განაცხადეს, რომ  ისინი ჰუმანური დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მათთვის აუცილებელია სტატისტიკა. 

ამნისტიის პროექტით,  ამნისტია შეეხება ყველა პირობით მსჯავრდებულს. ასევე პირველად ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს. ხოლო ქალებს, არასრულწლოვნებსა და დამამძიმებელ გარემეობებში დანაშაულის  ჩამდენ პირებს სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე