|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება პარლამენტის მოსაწყობად დამატებით ხარჯებს აღარ გაიღებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტის შენობისათვის საბოლოო სახის მისაცემად დამატებით 15-20 მილიონის მობილიზება აღარ მოხდება.  როგორც კობახიძემ newpress-თან საუბრისას განაცხადა, ის სამუშაოები დასრულდება, რომლისთვისაც მშენებელ კომპანიას უკვე გადაერიცხა თანხები.  

„უმრავლესობის პოზიცია იყო, რომ მოხდეს შენობის იმ ეტაპზე დაკონსერვება, რომელიც აუცილებელია  უსაფრთხოებისათვის.  იმისთვის, რომ შემდეგ შენობა არ დაზიანდეს. პოზიცია არის ცალსახა. ამხელა ხარჯების გამოყოფა ბიუჯეტიდან, საუბარია 15-20 მილიონზე, ნამდვილად არ იქნება სწორი. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს, მაგრამ არა მგონია მომავალი წლის ბიუჯეტში ეს ხარჯები გაიწეროს,“ - ამბობს კობახიძე. 

პარლამენტის შენობის დასრულების  გარდა, მოწყობას საჭიროებს  მიმდებარე ტერიტორიაც.  სადაც ამ დროისთვის სამშენებლო ნარჩენებია.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის გარე ტერიტორიაზე გამწვანება უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც კობახიძე ამბობს,  უმრავლესობის მთავარი საზრუნავი არსებული შენობისათვის ფუნქციის მიცემა და პარლამენტის უკან, თბილისში დაბრუნებაა. ერთ-ერთი ვერსიით, საკანონომდებლო ორგანოს შენობა შესაძლოა, იმ აგრარულ უნივერსიტეტს გადაეცეს, რომლის დაარსებასაც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბზა სანიკიძე არჩევნებამდე აანონსებდა.

ქუთაისში, პარლამენტის შენობის მოწყობის საკითხი პარლამენტის მშენებლობის პროცესის აუდიტის შედეგებზეცაა დამოკიდებული. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სპეციალური კომისია მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. კერძოდ, რამდენად სწორად ხდებოდა ფინანსების მოძიება, ხოლო შემდგომ  მათი  ხარჯვა-განკარგვა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის მშენებლობის  პროცესში ხელისუფლება დარღვევებს აღმოაჩენს,  საქმე პროკურატურას გადაეცემა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამჭარბებელი პირები დაისჯებიან.

პარლამენტის მშენებლობაძე დაახლოებით 340 მილიონამდე ლარი არის დახარჯული. მშენებელი კომპანია "ნემო ინტერნეიშენლი" ხელმძვანელი გია კურცხალი ამბობს, რომ სამუაოების დასარულებლად კონტრაქტით დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ.

„მხოლოდ ის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მშენებელს კიდევ დასასრულებელი აქვს და ის ხარჯები უკვე გაღებულია. გარეთ მაგალითად, ერთი კედელი საერთოდ არ ვარგა, მოსაპირკეთებელია მთლიანად გარე პერიმეტრი. უამრავი სამუშაო არის, რომელზეც უბრალოდ ხარჯები არ არსებობს. დამატებით ამ ხარჯების გამოყოფა ძალიან არაგონივრული იქნება. შენობის უსაფრთხოებისთვის საჭირო სახსრები უნდა გამოიყოს და არა ვერტმფრენის დასაჯდომის მოსაწყობი, რომელსაც უბრალოდ არ გასწევს სახელმწიფო,“ - აღნიშნა კობახიძემ. 

როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმითაც არის მოტივირებული, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა დეპუტატების ბინის ქირის, საწვავითა თუ სხვა ხარჯების უზრუნველყოფით ბიუჯეტს ძვირი უჯდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე