სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლება 10 000 ლარი დაუჯდა
სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს ზვიად ობოლაძეს თავისუფლების
სანაცვლოდ სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ობოლაძე, რომელსაც ბრალი ძალადობის გამოყენებით თანამდებობრივი
უფლებამოსილების გადამეტებაში ედება, თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე
ბრალდების მხარე ობოლაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ზვიად ობოლაძემ უფლებამოსილებას იმ დროს გადააჭარბა,
როდესაც ერთ-ერთ სოფელში ის პირის აყვანას ცდილობდა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალბატონს ჯანმრთელობის
კუთხით დაზიანება მიაყენა.
როგორც ბრალდების წარმომადგენელმა დავით ლეპერტმა განმარტა,
მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, შესაძლოა, ობოლაძეს ბრალი კვლავ დაუმძიმდეს. ამ ეტაპზე
არსებული ბრალდება კი 5წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ბრალდებულის განცხადებით, მის საქმეზე დაკითხული
პირები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.
„ბრალდების მხარის მიერ დაკითხული ერთი ნეიტრალური მოწმე
არ არსებობს. ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს იმიტომ, რომ მყავს მეუღლე და 5 მცირეწლოვანი
შვილი. ისინი ჩემს კმაყოფაზე არიან,“ - განაცხადა ზვიად ობოლაძემ სასამართლო პროცესზე.
ბრალდებულის ადვოკატი ელისო დათუსანი სასამართლოს ან
პირად თავმდებობას ან კიდევ 3 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთხოვდა.
„რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზვიად ობოლაძე არის
ერთი კაცის პატიმარი და არა მოხელე, რომელმაც უფლებამოსილებას გადააჭარბა. ზვიად ობოლაძე
არ არის ის პიროვნება, რომელიც შეიზლება საზოგადოებისგან იზოლირებული იყოს და სასჯელაღსრულების
დაწესებილებაში იმყოფებოდეს. ამიტომ, მოვითხოვთ პირად თავმდებობას ან გირაოს. მას თავმდებად
სასულიერო პირები უდგებიან,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე