„ნიცშეზე ასეთი ფორმით საჯარო ლექციის წაკითხვას თვითონ გერმანელებიც ერიდებიან"
„ნიცშეზე ასეთი ფორმით საჯარო ლექციის წაკითხვას, თან ხმის გამაძლიერებლებით, თვითონ გერმანელებიც ერიდებიან. როდესაც საქმე ეხება ძალიან ფაქიზ თემებს და ისეთ ფილოსოფიურ პოსტულატებს, როგორიცაა თუნდაც „ღმერთის სიკვდილი“, ასე გასაჯაროება და შოუს სახით სტუდენტებამდე მიტანა, მე არ მიმაჩნია სწორად. ცალკე საკითხია თინეიჯერების საქციელი და ლექციაზე მისული ახალგაზრდების სექტანტებად მიჩნევა. ყოველივე ამას გამართლება არ აქვს. ყველანაირი გაგებით, ეს არის პროფესიონალიზმის, ინტელექტის და ცოდნის ნაკლებობის შედეგი“, - განაცხადა ნიცშეს მკვლევარმა, პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ თბილისში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას, როდესაც ნიცშეზე წაკითხული საჯარო ლექციისას „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე დანით დაჭრეს.
თბილისისაგან განსხვავებით, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა „ნიცშე და ქალები“, - საჯარო ლექცია ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო (საჯარო) ბიბლიოთეკაში ლექცია ნუგეშა გაგნიძემ ასოციაციასთან "ქალები რეგიონების განვითარებისათვის" არსებულ ქუთაისის ქალთა კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წაიკითხა.
„ნიცშე საქართველოში, საუკუნეზე მეტია, პოპოლარული ავტორია. „ნიცშე და ქალები“ საინტერესო თემაა, მისი შერჩევა აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. ქალბატონები, რომლებიც ნიცშეს ცხოვრებაში ფიგურირებდნენ, იყვნენ მწერლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ამავდროულად, ისინი ქალთა უფლებებისათვის იბრძოდნენ და თავიანთ მოსაზრებებს ხმამაღლა აფიქსირებდნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში“ ,– აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ.
ნიცშეს შემოქმედებას საქართველოში მე-19 საუკუნეში უკვე იცნობდნენ. მის შესახებ პირველი წერილი ანტონ ფურცელაძემ დაწერა, პირველი საჯარო ლექცია კი სწორედ ქუთაისში გაიმართა. 1911 წლის 18 მაისს საჯარო ლექცია წაიკითხა გრიგოლ რობაქიძემ, რომელსაც აკაკი წერეთელი ესწრებოდა. ამ მოვლენას აღფრთოვანებულმა მგოსანმა სტატიაც მიუძღვნა, რომელშიც ქართველი ინტელექტუალის გამობრწყინებას გაუსვა ხაზი.
ავტორი: ირინა მაკარიძე