"ოპოზიციის განცხადება სპეკულაციაა, ყოველდღე იხსნება ახალი სკვერები, კეთდება გზები"-ნინო თვალთვაძე
ოპოზიციის განცხადება წარმოადგენს სპეკულაციას-ამგვარად პასუხობს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე გიგა შუშანიას ბრალდებას. მისი თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება და ხელშეკრილება ხარვეზების გამო შეწყდა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, ამასთან, დაკავშირებით, რომ ტენდერი თავიდან უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ტენდერი არ გაუქმებულა. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არსებობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კონკრეტულ შემსრულებელს შორის და ის კონკრეტული პრეტენზიების გამო შეწყდა. მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს პრეტენზიები შემსრულებელთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს პროცესი უახლოეს მომავალში აღდგება. 80-იანი წლების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში დადგა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკითხი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში დაიძრა საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების ოფიციალურ მხარეს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვიყავით პროცესში ჩართული იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ყოფილიყო ქალაქი. ვესწრებოდით ყველა განხილვასა და კონცეფციის შეთანხმებას. შემიძლია ჩამოგითვალოთ საკმაოდ ბევრი პროექტი, რომელიც შესრულდა, მოუხედავად მსოფლიო პანდემიისა. საკმაოდ ბევრი პროექტის მიმდინარეობაა, ხედავთ და ყოველდღე იხსნება ახალი სკვერები, კეთდება გზები. ეს ბრალდებები მხოლოდ სპეკულაციაა"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი