ოტია იოსელიანის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმში გაიმართა
5 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის არტკაფეში ოტია იოსელიანის დაბადების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
"სიშორით სიახლოვე" - ასე ერქვა მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას, რომელშიც ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და ანა კოხრეიძის საბავშვო სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ქუთაისისა და ბათუმის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი სულ სხვა კუთხით გაეცნოთ - ულამაზესი სონეტებით, რომლებშიც ჩაქსოვილია ავტორის ღრმა მსოფლგანცდა, მისი სიყვარული და სევდა, ტკივილი თუ მოლოდინი. მწერლის ნაფიქრალი მაღალი ოსტატობით მოიტანეს მსმენელამდე ქუთაისელმა მსახიობებმა - პროექტის ხელმძღვანელმა ანა კოხრეიძემ, მარიკა სამანიშვილმა, დალი ბასილაძემ, ელზა სულაძემ, ავთანდილ სახამბერიძემ, დათო როინიშვილმა, გიორგი შალამბერიძემ. ნაჩვენები იყო კადრები ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმიდან.
საღამოს ესწრებოდნენ ბათუმისა და ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები - ვაჟი დაჩი იოსელიანი, შვილიშვილი - ოტია იოსელიანი.
პროექტის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი