"პარკინგსერვისს" საწყისი კაპიტალის სახით მერიამ 300 000 ლარი გადასცა
ქუთაისის მერიამ მისსავე დაწესებულ საწარმოს ბიუჯეტიდან საწყისი კაპიტალის სახით 300 000 ლარი გადასცა. თანხა "პარკინგსერვისს" პირველადი სამუშოაების ჩასატარებლად სჭირდება.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, დიდ საქმეს შეეჭიდნენ და ქალაქის არაერთი ხელისუფლების პრობლემის მოგვარება დაიწყეს.
"ჩვენც, ჩვენს წინამორბედებსაც გვსაყვედურობდნენ, პარკირების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, ამიტომ შევქმენით საწარმო, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოწესრიგებას შეუდგება. ჯერჯერობით თანამშრომელთა მცირე რაოდენობას ავიყვანთ, მოხდება ადგილების დახაზვა და მოწესრიგება. რეალურად არსად ჩანს, სად არის პარკირების ადგილი, ამისათვის საწყის თანხად გადავეცით 300 000 ლარი"–განაცხადა მურღულიამ.
პარკირების ადგილების მოსაწესრიგებელ სამუშაოებს "პარკინგსერვისი" უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამ ეტაპზე 274 ადგილის მოწესრიგება მოხდება, თუმცა არა არის გამორიცხული პარკირების ადგილები გაიზარდოს. რაც შეეხება პარკირებიდან მიღებულ თანხას, როგორც მერი განმარტავს. კომპანიამ მომავალ წელს 460 000 ლარის სახით აღებული ვალდებულების დაფარვა და დამატებით 200 000 ლარის მიღება უნდა შეძლოს.
"ველოდებით, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას დაფარავს და დამატებით 150–200 ათას ლარსაც მიიღებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომპანია მოგებაზე გავიყვანოთ და ამის შემდეგ მოვახდინოთ სარგებლობის უფლებით გაცემა"–განაცხადა ქალაქის მერმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი