"პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი" - დავით ჭიჭინაძე
გარანტიას გაძლევთ, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა და შესაბამისი პროცესის ინიცირება, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ცხოვრება ძალიან დინამიურია და გამორიცხული არაფერია.
„დეპუტატებს გვაქვს უფლება, ვთქვათ ის, რაც არ მოგვწონს. არ არის სწორი თვლა აქ არის 3-4 თუ 5-6 და მეტი დეპუტატი. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც უმრავლესობის წევრებს არ ყოფს და არ აკეთებს ფრაგმენტაციას. პირიქით, ის გუნდს ერთიანობისაკენ მოუწოდებს. არის აზრთა სხვადასხვაობა, მეც გამაჩნია ჩემი შეხედულება ბევრი ჩემი კოლეგის მიმართ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წელი „ქართულ ოცნებაში“ იქნება და მას უფლება ექნება „ქართული ოცნების“ სახელით ილაპარაკოს, ძალიან ცდება. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი, ამის გარანტიას გაძლევთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დეპუტატმა საჯარო განცხადებების გაკეთებისას შეცდომები დაუშვა.
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა.
ავტორი: ნიუპრესი