პრემია „საბას“ მეთვრამეტე დაჯილდოება 26 დეკემბერს გაიმართება
26 დეკემბერს, 22:30 საათზე, ფორმულას და არტარეა ტვ-ს პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის და არტარეას FACEBOOK გვერდებზე ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულს. წელს საბას დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით გაიმართება.
როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.
საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი
- საუკეთესო პოეტური კრებული
- საუკეთესო პროზაული კრებული
- საუკეთესო პიესა
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
- ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.
წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.
ავტორი: ნიუპრესი