პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
"თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბახტაძემ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე მინისტრი დატოვებს, მათ შორის მიხეილ ჯანელიძე, მიხეილ გიორგაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი.
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.
ავტორი: