|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ-ამერიკული სწავლების -Noble Partner 2016 გახსნა

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016 -ის გახსნა

11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების _„ღირსეული პარტნიორი 2016-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.

   ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. მათ ერთობლივი წვრთნების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრნენ.
_ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გენერლებო, ოფიცრებო, კაპრალებო, რიგითებო, პატივცემულო ელჩებო, კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღეს ვაზიანში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური და ისტორიული სწავლების გახსნის ცერემონიალიდან განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. ასეთ დროს იბადება რწმენა, ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის, ერთად დგომის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს _ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ხელმძღვანელებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დღეს ეს სწავლება საქართველოში ჩატარებულიყო.
ბატონებო, დღეს, 11 მაისს 2 კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. სიმბოლურია, რომ დღეს აქ, ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, წვრთნების გახსნაზე ჩვენ სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს სწორება აქვთ ამ სამი ძალის დროშებზე და აქედან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ძლიერთა თამაშებზე, ასევე, სწორედ, ამ სამი სახელმწიფოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები ისმოდა, სახელმწიფო დროშები ფრიალებდა გამარჯვებულების კვარცხლბეკებთან. მინდა, ამ ტრიბუნიდან და, სწორედ, ამ დღეს მივულოცო ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი წარმატება „ძლიერთა თამაშებში. მინდა, მადლობა გადაუხადო მათ გამძლეობისთვის, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიძლიერის დემონსტრირებისთვის, ჩვენებისთვის, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ ძალიან მოინდომებ; არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ქვეყანა დიდი მონდომებით და კიდევ უფრო მეტი შემართებით. საქართველო ქვეყანაა, რომელიც მზად არის ყველა გამოწვევის მისაღებად და ღირსეულად გასამკლავებლად. და „ძლიერთა თამაშებზე“ ჩვენმა გუნდმა, ეს დაამტკიცა. სწორედ, ეს აჩვენა საუკეთესოდ.
ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი ნებართვით, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ, ჩვენ მარცხნივ დგანან, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ ღონისძიებას და რომლებიც ჩვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულში.
ორი ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ერთზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა _ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება ამ ერთობის, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი. ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ზუსტად ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია, თავის დროზე _ ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, თავის შეიარაღებული ძალებით.
რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? _ ძალიან ბევრი მიზეზია ამისთვის, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ, სწორედ, ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ნატოს ოფიციალური შენაერთი ნატოს სამკლავურებით და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თან გასდევს და რომელიც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლა სწევს.
მეორე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ეს ახალგაზრდები, რომელებიც დღეს შემოუერთდნენ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილნი მტრისთვის და მოყვრისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. აქ, ჩვენს სამშობლოში არასდროს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. აქ, საქართველოში, სწორედ, ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ევრო-ატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს. თაობებს გაჰყვება ეს მიმართება, ეს შემართება, თაობებს გაჰყვება ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებაNoble Partner 2016-ის გახსნის ცერემონიალს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებიც დაესწრნენ. წვრთნების ოფიციალურად დაწყების ცერემონიალს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 400-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016-ის გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს _ მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
აღნიშნულ სწავლებაში, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკ "აბრამსებს" გამოიყენებენ. წვრთნაში ჩართული იქნება ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ჩ-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან კი ტექნიკა ეშელონებით ვაზიანში 5 მაისს შემოვიდა.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: