ახმეტისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ(R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა ამომრჩეველთან შეხვედრები პანკისის ხეობის სოფლებიდან დაიწყო. ახმეტის მაჟორიტარი ომალოს, ხალაწანის, ბირკიანის, ჯოყოლოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოციალურ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციონირების აუცილებლობასა და „მთის კანონის“ მიღების შედეგად გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებზე გაამახვილა.
მისი თქმით, ის სოციალური და საგადასახადო შეღავათები, რაც კანონის ამოქმედებით პანკისის ხეობასა და ზოგადად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებლებზე გავრცელდა, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი გახდება.
გელა სამხარაულმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მე, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, რომელსაც უკვე 4 წელია ვახორციელებთ, შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენს გლეხს, ფერმერს თუ მეწარმეს, ადგილობრივი წარმოების განვითრებისთვის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს. მსგავს პროექტებში ჩართულობა თითოეული ოჯახისა და მთლიანად სოფლის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად, პანკისის ხეობაში, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც სოფლების ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ადგილზე არსებულ რესურსს გამოავლენს და განავითარებს“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა სოფლებში- ჰერეთისკარი, საქობო,
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელდეს.
„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული,სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს; იგება გზები, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი, რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი