ქუთაისის ბიუჯეტში 12 მილიონი ლარის ცვლილება შევიდა
ქუთაისის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებით ბიუჯეტს 12 მილიონი ლარი დაემატა. საუბარია რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე და 2018 წლის ბიუჯეტში არსებულ ნაშთზე. გასულ წელს ბიუჯეტში ნაშთის სახით დაახლოებით 5 მილიონი დარჩა.
მერიის საფინანსო პოლიტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის ინფორმაციით, ბიუჯეტში პირველ ჯერზე დაახლოებით 12 მილიონიანი ცვლილება შევიდა. აქედან 5 500 000 ლარი რეგიონილი განვითარების ფონდიდან გამოიყო, ნაწილი კი წინა წლის ბიუჯეტიდან ნაშთის სახით გადმოვიდა. მისი ინფორმაციით, 1 200 000 რგფ-ს მიერ სექტემბერში გამოყოფილი თანხის ნაშთია. სამი მილიონ ნახევარი კი ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს.
ოპოზიციის ინფორმაციით, წელს ქუთაისმა წინა წლებთან შედარებით შემცირებული თანხა მიიღო, რაც მათი თქმით, შესაძლოა, ჩავარდნილი პროექტების მიზეზით ხდებოდეს.
"წელს ქუთაისმა ძალიან მცირე თანხა მიიღო, ეს ხომ არ არის გამოწვეული ჩავარდნილი პროექტებით?", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
ოპოზიციის ბრალდებას მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თანხის ოდენობა ვერ დაუკავშირდება პროექტებს, რადგან ფონდიდან დაფინანსებილი ყველა პროექი წარმატებით მიმდინარეობდა. რაც შეეხება რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხულ თანხას, მისი თქმით, მარტში დამატებით თანხას ელოდებიან.
"იანვარში ჩაირიცხა დაახლოებით 6 მილიონი, მაგრამ მარტში ველოდებით, რომ ეს თანხა 11 მილონამდე გაიზრდება. გასულ წელს რვა მილიონი გავზარდეთ 11 მილიონამდე და წელსაც ვცდილობთ, 11 მილიონი კიდევ უფრო გავზარდოთ"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცდა და 54 მილიონით განისაზღვრა. ცვლილებით ბიუჯეტმა დაახლოებით 67 მილიონს მიაღწია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი