"ქუთაისი 2021" აგვისტოს ბოლოს დამტკიცდება
ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გეგმის კონცეფციასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მის განცხადებით, სტრატეგიაზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა მუშაობის დროს გამოიკვეთა ის მიმართულებები, რის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქი. მისივე განცხადებით, მათ არაერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, ოპონენტებს და არასამთავრობოებს სამუშაო პროცესში ჩართულიყვნენ, თუმცა დაინტერესება მოლოდინზე ნაკლები იყო.
"რაც შეეხება სტრატეგიული განვითარების გეგმას, ის 7 პუნქტიანია და ყველა იმ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რის ფარგლებშიც ქალაქგანვითარების დაგეგმვა მოხდება. ესაა: ეკონომიკა, სოციალური სფერო, ტურუზმი, სამშენებლო, ტრანსპორტი, განათლება სპორტი, კულტურა და სხვა. ქუთაისში მოიმატა მშენებლობის ტემპმა, თუმცა უნდა გაკონტროლდეს მშენებლობები, რომ არ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება"-განაცხადა შოთა მურღულიამ.
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„ეს არის მუშა პროცესი და პროექტში ყოველთვის შედის ცვლილებები. ამჟამად საკრებულოსთვის გადასაცემადაა მზადაა, თუმცა რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრების მხრიდანც შეიძლება შევიდეს ჩასწორებები. თვის ბოლოსთვის კი ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის დამტკიცება მოხდება“, - განაცხადა კლდიაშვილმა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განხილვას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ. მერის განცხადებით, სხდომაზე დასწრება თავისუფალი იყო და ის ადამიანები მივიდნენ, ვისაც განხილვის პროცესში ჩართვა სურდა.
პროექტს სახელი შეეცვალა და ის "ქუთაისი 2021" გახდა "ქუთაისი 2020"-ის ნაცვლად. როგორც მერიაში განმარტეს, გეგმა 5 წლიანია და ვინაიდან ერთი წელი სამუშაო პროცესში უკვე დაიხარჯა, ამიტომ მოხდა დროის გაგრძელება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი