|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 2019 წლის პროექტებს ერთი კომპანიისგან შეისყიდის

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში საპროექტო მომსახურეობას ერთი კომპანიისაგან შეისყიდის. 

NAT180014355 სატენდერო განცხადების თანახმად, ქუთაისის მერია 2019 წელს განსახორციელებელი, შენობა- ნაგებობების მშენებლობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის ასევე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიზნით  მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვას  ერთი კომპანიისაგან  350 ათასი ლარის სანაცვლოდ მოახდენს. 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, გამარჯვებული კომპანია, რომელიც გამოვლინდება, მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში გაწევს, ცალ-ცალკე კი საპროექტო შესყიდვები აღარ განხორციელდება.  მისივე განმარტებით, პროექტები კონსოლიდირებულია. 

 "2 ტენდერი გამოვაცხადეთ, ორივე ტენდერში ჩვენთან ერთად არის ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, წერილობითი დავალების საფუძველზე მოგვაწვდის საპროექტო სამუშაოებს, ცალ-ცალკე ტენდერები პროექტირებაზე აღარ გამოცხადდება",-აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებს კომპანია, სხვადასხვა სფეროში გაწიოს მომსახურება, ხიდაშელმა განაცხადა, რომ პროგნოზირება რთულია:  "ამის პროგნოზირება რთულია, თუ ვერ შეძლებს, შესაბამის სანქციებს მიიღებს",-განაცხადა ხიდაშელმა.

მერიის მიერ ჩაბარებული პროექტების მიმართ შენიშვნები აქვს ოპოზიციას. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერია სხვადასხვა საკითხებზე  ცალ-ცალკე ატარებს ტენდერებს, გამარჯვებული, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე კომპანიაა, ტენდერები კი ხარვეზიანია. გიგა შუშანია მერიას მოუწოდებს, არ ჩაიბაროს ხარვეზიანი პროექტები. 

საკრებულოს წევრის "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანის განცხადებით, ასეთი მიდგომა ადგილობრივ კომპანიებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ადგილობრივ დონეზე საპროექტო დავალებების შესრულება სწორად ვერ ხდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს წარმოქმნიდა. 

"ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო კვალიფიკაციის პრობლემა, როგორც ჩანს, ამანც განაპირობა ეს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება დააზარალებს ადგილობრივ კომპანიებს. ამ პირობებით, ფაქტიურად, მოხდება კონკურენციის პირობების დარღვევა.  მიზანმიმართულად ხდება, რომ  ერთი საპროექტო ორგანიზაციის ხელში მოხვდეს სამუშაოები.  გამოცხადებულ მოთხოვნების შესრულებას ადგილობრივი ორგანიზაციები ვერ შეძლენ. ეს გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შემოსვლას, ადგილობრივ დონეზე კი, საპროექტო ორგანიზაციების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას", -აცხადებს მეშველიანი. 

ამ დროისათვის NAT180014355  სატენდერო წინადადებების მიღების ვადა ამოწურულია. მასზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს "გამა კონსალტინგი" გააკეთა.  სატენდერო კომისიის თავმჯდომარის, ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის მიერ  ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად,  კომპანიის მიმართ ინტერესთა კონფლიქტს არ იკვეთება. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში,  მთელი წლის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თბილისური კომპანია  ქუთაისის მერიას 308 ათასი ლარის სანაცვლოდ მოემსახურება. 

 მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წლიდან ყვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა და ბათუმისა,  ამგვარად შეიძენს პროექტებს ერთი კომპანიისაგან. ხიდაშელის თქმით, ის პრობლემები, რომელზეც ოპოზიცია მიუთითებდა, ახალ პროექტებთან მიმართებაში უკვე აღარ არსებობს. "პროექტები გადის ექსპერტიზას, რის შემდეგაც ცხადდება ტენდერი. ყველა პროექტი, რომელიც გავგზავნეთ, არცერთი ჩავარდნილა და ყველაზე გამოცხადდა სამუშაოები"-აცხადებს ის.

ავტორი: ირინა მაკარიძე