ქუთაისის მერია ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის ამხანაგობის მოთხოვნას ეხმიანება
ქუთაისში ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნის პასუხად, რომელმაც ბინის პრობლემებზე სოციალური ქსელის საშუალებით ისაუბრა, მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბინის პარაპეტების და საწრეტი მილების სამუშაოები დაფინანსდება.
რაც შეეხება დამატებით მოთხოვნას, მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ბინას სკვერის მოწყობის და ატრაქციონის დადგმის მოთხოვნით მერიისთვის პროექტით არ მიუმართავს.
"პარაპეტების მოწყობა ნამდვილად მოხდება ამ ბინაში და სამუშაოებისთვის არის თანხა გამოყოფილი, რაც შეეხება სხვა მოთხოვნას, თითქოს მერია არ ახდენს სკვერის მოწყობას და აკეთებს ატრაქციონს და სასრიალოს, არის ტყუილი, რადგან მათ ჯერჯერობით მერიაში პროექტი არ შემოუტანიათ და თანადაფინანსებით მოწყობა არ მოუთხოვიათ, როდესაც მოხდება მომართვა, აუცილებლად იქნება ეს საკითხი განხილული"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
პრობლემით დაინტერესებას გეგმავს მაჟორიტატი დეპუტატიც. "ყოველი კვირის ხუთშაბათს მერის წარმომადგენელთან ერთად ქალაქ მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობაში ვხვდები მოსახლეობას, სადაც ისინი თავიანთ პრობლემებს გვაცნობენ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. რამდენიმე დღეში პირადად მივალ მათთან და დეტალურად გავეცნობი მათ პრობლემებს,"-განუცხადა გიორგი ჭეიშვილმა ნიუპრესს.
შეგახსენებთ, ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის ამხანაგობის თავმჯდომარემ ნინი თვალავაძემ მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან საუბარი სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩართო. მისი განცხადებით, ბინიდან ჩამოვარდნილი ფასადის ფრაგმენტი ადგილობრივ მცხოვრებს დაეცა. მისივე განმარტებით, პირდაპირი ეთერის ჩართვა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მეზობლებისათვის ეჩვენებინა, რა პასუხით ისტუმრებდნენ მერიიდან.
"შენობა ინგრევა, ვითხოვთ ყურადღებას, მაგრამ არ აინტერესებთ"
ავტორი: ნიუპრესი