|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პარლამენტის აპარატს ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს

ქუთაისის მერია პარლამენტის აპარატს უძრავ ქონებას გადასცემს. საკითხი საკრებულოს კომისიამ განიხილა და დღეს საკრებულო მის მხარდაჭერაზე იმსჯელებს. 

საკრებულოს ინფორმაციით, პარლამენტის აპარატს ფართი პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა. 

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, საუბარია მერიის შენობაში არსებულ ფართზე, სადაც მაჟორიტარი-დეპუტატის ბიურო მდებარეობს. მისვე თქმით, ქონება აპარატის დაქვემდებარებაშია და მასზე ვადის განახგრძლივება ხდება.

"საუბარია მაჟორიტარი-დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროზე, სადაც ხდება მოქალაქეების მიღება. წლებია ამ ფართში ბიუროა, ორწლიანი ვადით გაიცემა ხოლმე და ახლა ხდება ვადის გახანგრძლივება", - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა. 

ქუთაისის მაჟორიტარი-დეპუტატის ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, ფართი აპარატას ორწლიანი ვადით გადაეცემა, ამ დრომდე კი ის ბიუროს ხელმძღვანელის სახელზე იყო გაფორმებული. რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებს, აცხადებს, რომ ხარჯებს მერია ფარავდა, მომავალში კი არა არის გამორიცხული ხელშეკრულებაში ჩაიდოს, რომ მცირე ხარჯები, რასაც ბიურო დახარჯავს აპარატმა დაფაროს. მისი თქმით, შენობის დაქირავება და დამატებითი ხარჯის გაწევა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს და ამიტომ მოხდა მერიის შენობაში განთავსება. ვარლამ გობეჯიშვილის თქმით, თუ საკრებულო მხარს არ დაუჭერს საკითხს, ახალი ფართის მოძებნაზე იმსჯელებენ. 

ქუთაისის სამივე მაჟორიტარი-დეპუტატის ბიურო მერიის კუთვნილ შენობებშია განთავსებული და მოქალაქეთა მიღებაც იქ ხდება. აღსანიშნავია, რომ კოდექსში შესული ცვლილებით ქუთაისს სამი მაჟორიტარი 2016 წლიდან ყავს. იმ დროისთვის განმარტავდენ, რომ მაჟორიტარების ბიუროები საარჩევნო უბნების მიხედვით განთავსდებოდა და მოქალაქეთათვის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა მარტივი იქნებოდა. 

მაჟორიტარის ბიუროში განმარტავენ, რომ მერიის შენობაში ბიუროების განთავსება გაცილებით ხელმისაწვდომი და ადვილად მისაგნებია მოქალაქეებისთვის და რომ პრობლემა არავის შექმნია. ამასთან, განმარტავს, რომ ერთ-ერთ ვერსიად სამივე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ერთ სივრცეში განთავსება განიხილება. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი