ქუთაისის მერიაში მენეჯმენტის პრობლემაა - მერაბ მეშველიანი
ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ქუთაისის მერიაში მენეჯმენტის პრობლემის არსებობაზე საუბრობს.
მეშველიანის განცხადებით, არასწორი დაგეგმვის გამო ტენდერი ვარდება, მოსახლეობა კი შედეგს ელოდება.
"გამოცხადებული იყო 11 000 ლარიანი შესყიდვა, ქალაქ ქუთაისში გრიბოედოვის ქუჩის მე-4 შესახვევის, მიქელაძე-მეველის პირველი შესახვევის, მოსეშვილის ქუჩის, ნიკოლაძის ქუჩის მე-4 შესახვევის, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-8 შესახვევის (საყრდენი კედლით და სანიაღვრე სისტემით), პეტრიწის ქუჩის მე-2 ჩიხის, ბაგრატის ქუჩის მე-2 შესახვევის და ნეკრასოვის ქუჩის 26,28,30 და 32 -თან გზის ბეტონის საფარით მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე. ეს პროექტირებაც ჩავარდა, ისევ გრძელდება არასწორი დაგეგმარემა, ისევ სახეზეა მენეჯმენტის პრობლემა ქუთაისის მერიაში, მაშინ როდესაც მოსახლეობა ელოდება ქმედით ნაბიჯებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად", - აცხადებს მეშველიანი.
ქუთაისის მერიაში მეშველიანის განცხადებას მირზა ხიდაშელმა უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ტენდერი 2019-21 წლის საშუშაოებისათვის არის განკუთვნილი და მისი ჩავარდნა საქმეს არ აფერხებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე