"ქუთაისის მერიის დაუდევრობის გამო "ტორპედო" მორიგ თამაშს საკუთარ მოედანზე ვერ გამართავს"
ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" მატჩს ქუთაისის ნაცვლად თბილისში გამართავს. ფაქტს ეხმიანება საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გიგა შუშანია და სტადიონის არასათანადო მდგომარეობის გამო ქალაქის მერს დაუდევრობაში ადანაშაულებს.
"ქუთაისის მერიის დაუდევრობით და სტადიონის მოუვლელობის გამო "ტორპედო" მორიგ თამაშს საკუთარ მოედანზე ვერ გამართავს და "კუკეშთან" მატჩის ჩატარება თბილისში მოუწევს. უამრავი გულშემატკივარი ამ მატჩს მხოლოდ ტელევიზორიდან ნახავს. როდესაც საკითხი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დავსვი, რომ შესაძლოა სტადიონის მდგომარეობის გამო ქუთაისის "ტორპედოს" ყველა მატჩი საკუთარ სტადიონზე ვერ ეთამაშა, "ქართული ოცნება" მიმტკიცებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და "ტორპედო" ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა საშინაო მატჩს ქუთაისში ჩაატარებდა. სამწუხაროდ, ჩვენი შიში გამართლდა", -აცხადებს გიგა შუშანია.
როგორ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, მან მერიიდან გამოითხოვა სტადიონის ადმინისტრაციის მიერ მერიისადმი მიწერილი წერილები, საინადაც ჩანს, რომ მერიის შპს "რ. შენგელიას სახელობის სტადიონის" ხელმძღვანელობამ მერს რამდენჯერმე მიმართა და სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის დახმარება ითხოვა.
"გაცნობებთ, რომ შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინსპექტირების სამსახურმა შეისწავლა სტადიონის ძირითადი სტრუქტურული კრიტერიუმები, ეროვნული და სხვა საერთაშორისო მატჩების ჩატარებისათვის, მზადყოფნის კუთხით. გამოიკვეთა, რომ სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს, თუმცა ახალი სეზონის დაწყებამდე დაგვევალა: 1.VIP ლოჟის რეკონსტრუქცია და ადგილების რაოდენობის დამატება. 2. მოედანზე გასასვლელში უსაფრთხოების მიზნით მოძრავი გასაშლელი დერეფნის მოწყობა. 3. სათადარიგო სკამების რაოდენობის ნორმატივში მოყვანა და გადახურვა", -წერს 17 იანვარს სტადიონის დირექტორი თემურ კიკვაძე ქალაქის მერს და საჭირო ფინანსების გამოყოფას მოითხოვს. ამავე წერილში ნათქვამია, რომ იგეგმება სტადიონის საფარის შეცვლა.
წერილით კიკვაძემ მერიას ასევე მიმართა 15 ივნისს, სადაც ასევე აცნობს უეფას მოთხოვნებს და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, აქვე ითხოვს სარბენი ბილიკის რკინის ღობის მოხსნისა და მისი რეალიზაციის ნებართვას, რაც დირექტორის განმარტებით, სტადიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო თანხების მობილიზებაში დაეხმარებათ.
შემდეგი წერილით კიკვაძე "ენერგო პრო ჯორჯიადან" გენერატორის თხოვებაზე შუამდგომლობას ითხოვს.
სტადიონის დირექტორი თემურ კიკვაძე ქალაქის მერის ბრალეულობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მერიიდან საჭირო მხარდაჭერა მიიღეს. მისი თქმით, მერიის ნებართვით სტადიონმა საკუთარი შემოსავლებიდან უზრუნველყო სველი წერტილების მოწესრიგება, მერია ასევე პარკინგის მოწყობასა და ტერიტორიის დასუფთავებაში დაეხმარა, გენერატორიც მერიის შუამავლობით დამონტანჯაჟდა. რაც შეეხება, რკინის მესრის მოხსნას, კიკვაძის თქმით, ამის ნებართვაც მიღებული აქვთ.
"ჩვენ ჩავატარეთ ორი თამაში, მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნა რაც იყო, ის დავაკმაყოფილეთ. ფედერაციამ რაც შენიშვნები დადო, იმის მიხედვით, სამუშაოები გავწიეთ. რაც შეეხება მესამე თამაშს, უეფას მოთხოვნებს, მეორე კატეგორიის სტადიონი უკვე აღარ აკმაყოფილებს. მესამე კატეგორია რომ მიენიჭოს სტადიონს, უნდა ქონდეს ელექტრონული ტურნიკეტი, მოწყობილობა, რომელიც შემოსასვლელებში მაყურებელთა ნაკადს აწესრიგებს. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არ გვქონდა გათვალისწინებული. ჩვენ არ ვიყავით ამისათვის მზად... ასეთი სტადიონი საქართველოში მხოლოდ ერთია, მესხის სახელობის სტადიონი და მეოთხეც კატეგორიის არის "დინამოს" სტადიონი ", -განაცხადა კიკვაძემ.
სტადიონის დირექტორის განცხადებით, მერია ცდილობს სტადიონის პრივატიზება მოახდინოს, თუმცა ამ დრომდე სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა. განიხილება ასევე სტადიონის უზურფრუხტით გადაცემის შესაძლებლობაც.
შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე ალბანური "კუკეში" იქნება. თამაში ქუთაისის ნაცვლად თბილისში 9 აგვისტოს გაიმართება.
"ვემზადებით, რომ ქუთაისს გაისად მაინც ჰქონდეს მესამე კატეგორიის სტადიონი"-იუზა უგულავა
ავტორი: ირინა მაკარიძე