|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი პირველად საგასტროლო ტურნეში ორ ქვეყანაში: ბელორუსიასა და ლიეტუვაში მიემგზავრება. 

  "მინსკში ერთკვირიანი გასტროლის შემდეგ, სადაც სამ სპექტაკლს ვითამაშებთ, გადავინაცვლებთ კაუნასის თეატრში. თითქმის ორკვირიანი ტურია,  საკმაოდ დატვირთული. სხვადასხვა ქვეყნის ბევრი თეატრალი ნახავს ჩვენს სპექტაკლებს.  სადაც ვყოფილვართ, ანშლაგით მიდის სპექტაკლები, ყოველთვის აინტერესებთ ქართული თეატრი" , -  განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში მესხიშვილის თეატრის მსახიობმა დავით როინიშვილმა.  

მესხიშვილის თეატრი 5 ოქტომბერს მინსკში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ჰაროლდ პინტერისა და ვაცლავ ჰაველის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ ორ მოქმედებიან დრამას ,,DUPLET" წარადგენს. 

  გასტროლის ფარგლებში ქუთაისის თეატრი 9 ოქტომბერს ბელორუს მაყურებელს ჟერალდ სიბლეირასის ორ მოქმედებიან სპექტაკლს შესთავაზებს აბსურდის ელემენტებით ,,ქარი ქრის ვერხვებში", 10 ოქტომბერს , ფლორიან ზელერის ერთ მოქმედებიან კომედიას ,,სიმართლე".

   12-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მესხიშვილელებს ლიეტუვაში, კაუნასში ელოდებიან, სადაც 13 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,DUPLET" , 15 ოქტომბერს კი ,,სიმართლე".

  2018/2019 წლების თეატრალურ სეზონში თეატრმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბოსნია-ჰერცოგოვინაში  (სარაევო), სერბეთში (ბელგრადი), აზერბაიჯანში (ბაქო), გორში,  ფოთში, ახალციხეში, თბილიში. 

  

ფოტოზე: ნინო ჭოლაძე, დავით როინიშვილი კადრი ფლორიან ზელერის სპექტაკლიდან ,,სიმართლე".  

ავტორი: ირინა მაკარიძე