ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი სამი წლის გახდა
ქუთაისის ონკოლიგიის ცენტრი სამი წლისაა. ცენტრი სამედიცინო კორპორაცია ევექსის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ონკოლოგიური პროფილის პაციენტების მკურნალობასთან. ცენტრი 2015 წელს გაიხსნა და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი კადრებით.
დღეს ცენტრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები, უცხოელი სტუმრები, მხარის ხელმძღვანელობა და პაციენტები დაესწრნენ. ასევე წარმოდგენილი იყო განკურნებული პაციენტების ისტორიების ამსახველი ფოტოები, რომელთაც ქუთაისში ექიმების დახმარებით კიბო დაამარცხეს.
2015 წლიდან ცენტრი 4 000 პაციენტს მოემსახურა. მათ მკურნალობის კურსი ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს. ცენტრის სამწლიანი ფუნქციონირების განმავლობაში მაღალია განკურნებულ პაციენტთა სტატისტიკური მაჩვენებელი.
ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს რადიოლოგიური, მედიკამენტოზური და ქირურგიული მიმართულებით. ქუთაისის ცენტრში დამონტაჟებულია ბოლო თაობის ორხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი დაზიანებული უბნები მიზნობრივად დასხივდეს.
ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრს ჩიკაგოში მოღვაწე ონკო რადიოლოგის ქრისტინა ქეილის სახელი მიენიჭა. ქრისტინა ქეილიმ ცენტრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დანერგა სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის თანამედროვე გაიდლაინები. ქრისტინა ქეილის თქმით, მისთვის საპასუხისმგებლოა ის, რომ ცენტრი მის სახელს ატარებს.
„კარგი და ემოციურია ჩემთვის, რომ ცენტრი ჩემს სახელს ატარებს, მეტი პასუხისმგებლობაცაა. რაც შეეხება ცენტრს, ის ვითარდება და უმჯობესდება. ცენტრი სამი წლის გახდა და დიდი გზა გავიარეთ“, - განაცხადა ქრისტინა ქეილიმ.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის დირექტორის კობა კიკნაველიძის განცხადებით, ცენტრში სრული მომსახურეობაა დანერგილი.
„დღეს ჩვენი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი დღეა, აღვნიშნავთ სამი წლის იუბილეს. ამ ცენტრის დახმარებით შესაძლებელი გახდა, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პაციენტებისთვის მაღალი ონკოლიგიური მომსახურეობის შეთავაზება. ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს: სხივურ და ქიმიო თერაპიას, ოპერაციას, მკურნალობას, რაც არის სტანდარტი თანამედროვე მედიცინის. კმაყოფილი ვართ, რომ გვაქვს ასეთი ცენტრი“, -განაცხადა კობა კიკნაველიძემ.
ღონისძიებას დაესწრო ჩიკაგოში მოღვაწე სამედიცინო ფიზიკოსი გოჩა ხელაშვილი, რომელიც კლინიკასთან რამდენიმე წელია თანაშრომლობს. მისი თქმით, ქუთაისელი ექიმები ჩიკაგოში გადამზადნენ, რითაც მომსახურეობის ხარისხი გაცილებით იზრდება.
„ევექსში“ სამედიცინო ფიზიკის დარგში 2014 წლიდან ვეწევი კონსულტაციას. 2015 წელს მალევე გავუშვით პირველი ამაჩქარებელი და ცენტრი გაიხსნა. ჩვენ მუდმივად ჩიკაგოდან ვიღებთ მონაწილეობას პაციენტის მკურნალობაში. დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სამი წელი გავიდა, საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ, გავხსენით ორი ამაჩქარებელი, ვუმკურნალეთ ბევრ პაციენტს, ხარისხი უმჯობესდება. ეს ცენტრი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, ამ მასშტაბების ცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართევლოში და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოსახლეობასთან ახლოსაა და მათ შეუძლიათ მომსახურეობა რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ“, -განაცხადა გოჩა ხელაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს ნატო მეტონიძის კონცერტი გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი