"ქუთაისის საკრებულო თავის საზედამხედველო ფუნქციას სუსტად ასრულებდა"-ლელა მოწონელიძე
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა.
ორგანიზაციის კოორდინატორის ლელა მოწონელიძის განცხადებით, საკრებულო თავის საზედამხედველო ფუნქციას სუსტად ასრულებდა. არც ერთხელ მომხდარა საკრებულოს სხდომებზე ანგარიშვალდებული პირების დაბარება. ასევე საკრებულოს არცერთ კომისიას განსახილველი საკითხების შესაბამისად, ექსპერტი, ან სპეციალისტი არ მოუწვევია.
ლელა მოწონელიძის განცხადებით, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს რიგგარეშე სხდომების ჩატარების რაოდენობა, რაც მოქალაქეების მხრიდან ჩართულობის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზიცაა. მისი თქმით, ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ სამი წლის განმავლობაში 71 სხდომა ჩაატარა, აქედან რიგგარეშე იყო 35 სხდომა.
პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატებისათვის ქალაქის მიერ ბიუროებისათვის ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა. მოწონელიძის თქმით, დეპუტატის ბიუროებს საქმიანობისათვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაეცემათ და მათთვის უფასოდ ქალაქის ფონდიდან ფართის გადაცემა გამართლებული არ არის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" დეპუტატების ბიზნესკავშირებიდთაც დაინტერესდა, რომლებიც მათ დეკლარაციაში არ ასახეს.
"საკვლევი პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა 7 თანამდებობის პირი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბიზნეს საქმიანობასთან. შვიდივე თანამდებობის პირი “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” წევრები იყვნენ. მათ შორის, 2 თანამდებობის პირს, კერძოდ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ბექა ყანჩელსა და ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს - ლელა ქელბაქიანს სრულყოფილად ჰქონდათ ასახული თავიანთი ბიზნეს წილები დეკლარაციებში. არასრულად შეავსო დეკლარაცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ, ხოლო დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითეს თავიანთი ბიზნეს წილები: ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დვალმა,ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ - თეიმურაზ ნადირაძემ და ქუთაისის საკრებულოს კომისიის კიდევ ერთმა თავმჯდომარემ - ირმა პეტრიაშილმა. ბიზნესკომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციას, კერძოდ, დირექტორის პოზიციას შპს“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კოლეჯში” იკავებს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი ირმა პეტრიაშვილი", -განცხადა ლელა მოწონელიძემ.
პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალშია ასევე ისიც, რომ საკრებულომ არ შექმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის ვალდებულებას კანონმდებლობა ითვალისწინებდა.
საკვლევ პერიოდში პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა საკრებულოსა და კომისიის სხდომებზე საკრებულოს წევრების დასწრების საკითხიც. ყველაზე ხშირი გაცდენები ოპოზიციური პარტიის წევრებს აღმოაჩნდათ.
ქუთაისის საკრებულოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ვებგვერდი. ქუთაისის მერიის ვებგვერდზე კი საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია იყო მითითებული.
საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს მიერ მხოლოდ ერთხელ - 2017 წლის 11 აგვისტოს იქნა მიღებული განკარგულება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ.
ორგანიზაცია მე-6 მოწვევის საკრებულოს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის ანგარიში ეფუძნება როგორც წინა ანალოგიური კვლევებს, ასევე საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე