ნიკა ლატარია სკვერში მშენებლობასთან კავშირს უარყოფს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა ლატარია უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარის, გია გოქაძის ბრალდებას რიონის სანაპიროზე ორსართულიანი კაფის მშენებლობათან დაკავშირებით. ნიკა ლატარიას განცხადებით, მას კომპანიასთან შპს "ანასტასიასთან" შეხება არ აქვს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაუმტკიცებენ კომპანიის მფლობელობას, ან წილს ამ კომპანიიდან, მას უსასყიდლოდ დათმობს.
"კომპანიაში "ანასტასია" ჩემი სახელი ფიგურირებდა. წლების წინ, ვიდრე დეპუტატი გავხდებოდი, ბიზნესმენმა შემომთავაზა კაფე-ბარი გამეხსნა "სამი ოთარის" სკვერში, თუმცა, რადგან სადაო იყო, მე ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე. ყოფილი კინოთეატრის შენობის მფლობელმა, თენგიზ აბესაძემ პარკირების ადგილის გამოყოფა მოითხოვა. "ანასტასიასთან" შეთანხმებით მას აღნიშნული ტერიტორია, შპს-ს კი სანაცვლოდ რიონის სანაპიროზე მდებარე სკვერი გადაეცა. ძალიან საწყენია გია გოქაძის განცხადება. ის არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მე კავშირი მქონდეს ამ შპს-სთან. მე არანაირი ინტერესი მაქვს აღნიშნულ კომპანიასთან და მითუმეტეს არც ქალაქის მერს",- აღნიშნა ლატარიამ.
შეგახსენებთ, გია გოქაძე რიონის სანაპიროზე, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვეში დაწყებული მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ამასთანავე, ის მშენებლობის უკან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ინტერესებს ასახელებს.
არსებული ინფორმაციით, შპს ანასტასია ნიკა ლატარიას დედის, დალი ლატარიას მფლობელობაში იყო. ნიკა ლატარიას განცხადებით, მისი ოჯახი ამ ფირმიდან უკვე გამოვიდა და მასთან აღარაფერი აკავშირებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი