|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის სკოლებში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება"

საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში  საზაფხულო არადადეგები 14  სექტემბრამდე გაგრძელდა. მიუხედავად ხანგრძლივი დასვენებისა, ქუთაისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.  რატომ გაჭიანურდა სამუშაოები და რამდენად არიან მზად ქუთაისის სკოლები სასწავლო პროცესის დასაწყებად აღნიშნული საკითხით „ნიუპრესი" დაინტერესდა.   

ქუთაისის რამდენიმე სკოლაში სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოები  სწავლის პროცესშიც  რომ  გაგრძელდება ამის შესახებ ქუთაისის განათლების რესურსცენტრის   უფროსი ბადრი ვაშაკიძე გვესაუბრა. როგორც ვაშაკიძე  აღნიშნავს, იმის გამო, რომ გადმორიცხული თანხები ბიუჯეტში არ დაბრუნდეს, ზოგიერთ სკოლაში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"რამდენიმე სკოლას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, რამაც გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი დაზოგა. ეს თანხა წლის ბოლომდე უნდა ავითვისოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში   ბიუჯეტს დაუბრუნდება. ეს რომ არ მოხდეს,  ამ თანხით მეორე ნაკადი სკოლების რეაბილიტაციია დავიწყეთ. რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ  სარემონტო სამუშაოებმა ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს და რაც მთავარია, საფრთხე არ შეუქმნას ბავშვების ჯანმრთელობას", -აღნიშნა ვაშაკიძემ.

რადგან  ჰიგიენური ნორმების დაუცველობა დაავადების კერად იქცა,  2014  წელს სანიტარული ნორმების მოწესრიგება ყველა სკოლისთვის სავალდებულო  გახდა. როგორც ვაშაკიძე განმარტავს, წელს ამ კუთხით წინსვლა შეინიშნება. მისი თქმით, წელს დამატებით  20 სკოლაში მოწესრიგდა სანიტარული მდგომარეობა, ასევე  თითქმის ყველა სკოლაში დამონტაჟდა  გათბობის სისტემა.

"პირველ, მე-8  და მე- 5 სკოლებში საქვაბე სისტემის გამოცვლა იგეგმება, რადგან  სრულად მოხდეს შენობის გათბობა. ეს სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდება.  წინა წელთან შედარებით გაცილებით კარგი  მდგომარეობაა ქუთაისის სკოლებში. ჩვენ თითქმის ყველა სკოლაში ჩავსვით მეტალოპლასტსმასის ფანჯრები, მოვაწესრიგეთ სახურავები და გათბობა. ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული  ყველა სკოლაში. 

მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას რაც შეეხება,  ჯერ ვერ მოვაწესრიგეთ, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მარტო ქიმიის კაბინეტის მაღალ დონეზე მოწყობა, თავისი ინვენტარით რამდენიმე მილიონ ლარის ხარჯია, რისი საშუალებაც სკოლას ჯერჯერობით არ აქვს",- განმარტა ვაშაკიძემ.

 მე-5, მე-8 და მე-14 საჯარო  სკოლებში სამუშაო პროცესები წლის ბოლომდე გასტანს.

 მე-5 სკოლის დირექტორი ია პაიჭაძე განმარტავს, რომ  სამუშაოების ნაწილი დასრულდა, თუმცა დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესში გაგრძელდება.

"სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ  მოხერხდა შენობის სრული რეაბილიტაცია. დარჩენილია მცირე სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესში უნდა განხორციელდეს, თუმცა ეს სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის",- აღნიშნა პაიჭაძემ.

რაც შეეხება სასკოლო წიგნებს,  ვაშაკიძის განმარტებით, სკოლებიდან დაზიანებული წიგნები ამოიღეს  და  მის მაგივრად მოსწავლეებს ახალი წიგნები დაურიგდებათ. ხოლო,  პირველ კლასელები 2267  თანამდეროვე კომპიუტერებით  და განახლებული პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილი.

    

  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი