|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის "ტორპედოს" ოკუპაციის გაპროტესტების გამო რუსები "უეფაში" უჩივიან"

ქუთაისის საფეხბურთო გუნდ "ტორპედოს" რუსეთმა, შესაძლოა,  "უეფაში"  უჩივლოს. მიზეზი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელების პერფორმანსი გახდა.

ეროვნული ლიგის მატჩზე, რომელიც წყალტუბოში მიმდინარეობდა,  ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 
ამის შესახებ შეიტყვეს რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და წყენა გამოხატეს.

"რუსები "ტორპედოს" "უეფაში" უპირებენ ჩივილს და გუნდის  ევროთასებიდან მოხსნას მოითხოვენ, განსაკუთრებით, ისინი აღშფოთებულები არიან ნოდარ ქავთარაძის საქციელით, რადგან ნოდარი რუსეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეა",-წერენ სოციალურ ქსელში. 

რუსების პროტესტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერი იმედა გიორგაძე. როგორც მან "ნიუპრესთან" განაცხადა, რუსების განაწყენების შესახებ საინფორმაციო სააგენტობიდან შეიტყვეს.. მისი თქმით, რუსები, ასევე აანონსებენ  "ლოკომოტივს" და "რუსთავს" უჩივლონ.

"დიახ, ჩვენც სააგენტოებიდან გავიგეთ, რომ რუსები გაბრაზდნენ და ამ ქმედების გამო გამოხატეს თავისი აზრი. მათ შორის საუბარია "ტორპედოზე, "ლოკომოტივსა" და "რუსთავზე". ჯერ არ მიუმართავთ ოფიციალურად "უეფასთვის",  თუმცა არაა გამორიცხული, მიმართონ,  მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ,"-განაცხადა იმედა გიორგაძემ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი