ქუთაისმა ბალტიური გიტარის კვარტეტს უმასპინძლა
ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულის ფარგლებში ქუთაისმა ბალტიური გიტარის კვარტეტის კლასიკურ საგიტარო ჯგუფს უმასპინძლა. კონცერტს ესწრებოდა ლიტვის ელჩის მრჩეველი იურატე რამოშკიენე. მისი თქმით, გიტარისტები და მსმენელები ერთანთეს მუსიკის ენით ესაუბრებიან “ჩამოსულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთის ენა არ იციან, თუმცა ისინი ერთმანეთს მუსიკის საშუალებით ეკონტაქტებიან“,- განაცხადა იურატე რამოშკიენემ.
“ჩვენ მოხარულები ვართ საქართველოში ყოფნით. ჩვენ ჩამოვიტანეთ ბევრი სხვადასხვა კარგი კომპოზიტორის მიერ დაწერილი-მუსიკა და იმედი გვაქვს, ნასიამოვნები დარჩებით",-განაცხადა კვარტეტის ერთ-ერთმა წევრმა სალიუს ლიპჩიუსმა.
კვარტეტის მიერ შესრულებული კომპოზიციები მსმენელისთვის სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა. ნატალია პატარიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საზოგადოების განვითარებას: “დღეს ძალიან სასიამოვნო საღამოს მომსწრენი გავხდით ქუთაისის მელომანები, რადგან ბალტიურმა კვარტეტმა წარმოგვიდგინა თანამედროვე კლასიკის ნაწარმოებები და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს.ეს საჭიროა საზოგადოების განვითარებისთვის.“
ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულის ფარგლებში ქუთაისში ხვალ რიხარდ შუბერტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა. 8 ნოემბრამდე კი ღონისძიებები თბილისში ახალციხეში თელავში სიღნაღში რუსთავსა და ფოთში გაიმართება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე