|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 76 წლის ქალს ოჯახური მდგომარეობის შეცვლას ურჩევენ

ქუთაისში, შალვა დადიანი ქუჩის მცხოვრები 76 წლის ქალბატონი სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. მიმოზა სანიკიძეს დახმარება გასული წლის ივნისში მოეხსნა. მას თავდაპირველად 41 000 ქულა ჰქონდა, თუმცა დახმარების განმეორებით მოთხოვნის შემდეგ ქულები 73 000–მდე გაიზარდა.

მიმოზა სანიკიძე პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის წლების წინ მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაავადდა და კიდურების პრობლემა აქვს. მდგომარეობა იმითაც გაურთულდა, რომ ავტოავარიის შედეგად ქალიშვილი დაკარდა.

"ავარიის შედეგად დავინვალიდდი, გადაადგილების პრობლემა მაქვს, მაგრამ ამას რას დავეძებდი, შვილი დავკარგე ავარიის შედეგად. მას შემდეგ საწოლს მივეჯაჭვე, ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. საჭმელში გამოვიყენო ეს თანხა, თუ წამლებში. ახლაც 4 ლარი დამრჩა და როგორ მივიტანო თავი მომავალ პენსიამდე?.. ის სოციალური დახმარება ბევრი არ იყო, მაგრამ 60 ლარი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, წამალს მაინც ვყიდულობდი. რა ნახეს ჩემს სახლში შეცვლილი, რომ ასე გაზარდეს ქულები? სახლი გაქვს და "გარაჟიო", ეს მითხრეს, რად მინდა სახლი, დაანგრიონ და წაიღონ, სახლის კედლები ხომ არ მაძლევს ფულს, ეს რა დამოკიდებულებაა? იმასაც კი მეუბნებიან, შვილი გყავს და დახმარება არ გეკუთვნისო. შვილი რომ საოპერაციოა და ამხელა კაცს წამლის ფული არ აქვს და თავისი  ოჯახი ყავს სარჩენი და არ მუშაობს,  ამაზე რატომ არ საუბრობენ? ვითხოვ დამეხმარონ, მომცენ სოციალური დახმარება და 76 წლის ქალს თვითმკვლელობამდე ნუ მიმიყვანენ",–აცხადებს მიმოზა სანიკიძე.

მისი თქმით, აქვს ექიმის დასკვნა და "ფორმა 100", სადაც წერია, რომ მას არაერთი დაავადება აწუხებს.

"ყველაფერი მაწუხებს. მთელს დღეებს ტირილში ვატარებ. ყველაზე საშინელი უჰაერობა ყოფილა. ექიმმა მითხრა, თუ წამალს არ დალევ, ინფაქტი განმეორდებაო, ნეტავ განმორდეს და მოვკვდე. რატომ არაფერი მკლავს, რომ დავისვენო. რა გაუხდა სახელმწიფოს 60 ლარი, წლების წინ ნაყიდ ნივთებს რომ გვიფასებენ",–აცხადებს სანიკიძე.

 მიმოზა სანიკიძე დამსახურებული პედაგოგია, წლების განმავლობაში # 15 საჯარო სკოლაში  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, ტრამვის შემდეგ მუშაობას თავი დაანება და ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების დახმარებით არსებობს.  დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა ქუთაისის თვითმმართველობას და ჯანდაცვის სამინისტროს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის დირექტორის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, მიმოზა სანიკიძეს სოციალური დახმარება არასაკმარისი ქულების  გამო მოეხსნა. როგორც ჭიღლაძე განმარტავს, ქულათა დადგენის სისტემაში შესული ცვლილებების გამო, სანიკიძეს მაღალი ქულები დაუფიქსირდა.

"ახალი მეთოდოლოგიით მოხდა ქულების დადგენა და აქ რომელიმე კრიტერიუმის გამო არ მომხდარა მაღალი მაჩვენებლის მიღება. ეს არის ზოგადად, მოქალაქის მდგომარეობის შეფასება. ახალი სისტემით იწერება საცხოვრებელი ფართისა და უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, აღარ ფიქსირდება ტექნიკა. მართალი, მიმოზა სანიკიძე არის შეზღუდული შესაძლებლობის, თუმცა არსებული მდგომარეობით მას მაღალი სარეიტინგო ქულები დაუფიქსირდა. განმეორებითი მომართვა შეუძლია საცხოვრებელი პირობების, ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. ახალი წესებით, აქცენტი კეთდება მრავალშვილიან ოჯახებზე და ბავშვებზე, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას",–განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი