ქუთაისში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს [VIDEO]
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან შეკრება მოქალაქეებმა დილიდან დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, ჩოხოსნები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.
ასევე მოეწყო 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული გამოფენა, სადაც კინო-ფოტო მუზეუმში დაცული ფოტოები გამოიფინა.
დაღუპულთა გმიერების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
საგალობელი კი ხელოვნების სკოლის მგალობლების გუნდმა შეასრულა.
"9 აპრილი ყველა ქართველისათვის გამორჩეული დღეა, ეროვნული გამოღვიძებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მეც იმ დროს სტუდენტი ვიყავი, გახდით რუსთაველის პროსპექტზე, მართალია, მოვლენათა ცენტრში არა, მაგრამ შორიახლოს... დღევანდელი დღე ტკივილის და სევდის სევდის, ამავდროულად სიხარულისა და გამარჯვების დღეა", -განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ კვიცარიძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. 29 წლის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, დილის 04:00 საათზე, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთაგან 16 ქალია.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ავტორი: ირინა მაკარიძე