|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში "არგონავტიკის" თემა მთავარი უნდა იყოს" - ომარ ნიშნიანიძე "არგოთი" გაცურვას აპირებს

"ქუთაისში "არგონავტიკის" თემა მთავარი უნდა იყოს"  - აცხადებს ისტორიკოსი, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე. ის  "არგოს" ახალ სიცოცხლეს სძენს.  ისტორიის პროფესორის თქმით, მისი მიზანია ქუთაისში „არგონავტიკის“ თემის გაცოცხლება და ტურიზმის განვითარება.

„არგონავტიკის იდეა დიდი ხანია მაწუხებს, მინდა მეტი დაფასება ქონდეს ამ თემას. ქუთაისის ისტორიას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანიდან ვიცნობთ, მაშინ როდესაც, მანამდელი ქუთაისი ჩვენს ისტორიაში არაჩვეულებრივი მოვლენაა და მსოფლიოს 5 უძველეს ქალაქთა შორის არის დასახელებული, ამიტომ  ძველი კოლხეთის თემა წამოსაწევია.

მქონდა იდეა  „არგონავტიკის“ თემა  განმეახლებინა,  ამიტომ სტუდენტების აქტიურობით დავიწყეთ მუშაობა. გვინდა ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის იუბილეს გამოვეხმაუროთ. 30 წლის იუბილე თბილისში აღინიშნა, არადა ქუთაისი იყო კოლხეთის დედაქალაქი და ქალაქის მთავარი თემა უნდა იყოს", -აცხადებს ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, მშენებლობა ხარჯებთანაა დაკავშირებული და მეგობრების დახმარებით აშენებს. 

"ამ ქვეყანაში მარტივი არაფერია,  ძვირი ჯდება. მეგობრები მეხმარებიან. როგორც ხდება, ზოგადად,  ქუთაისში იდეას ენთუზიზმით შეხვდნენ, მაგრამ მერე უარი თქვეს. რამდენიმე პიროვნება მეხმარება. ვანელებმა გამოჩინეს ინიციატივა და ამიტომ გავრისკე. დაახლოებით, 15-20 ათასი მაინც დაჯდება, რაც ჩემთვის დიდი თანხაა", - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ყოფილი დეპუტატის თქმით, კონსტრუქციის ასაგებად მხატვრები, კონსტრუქტორები მოიწვია და მათი დამხარებით ააგო, სპეციალისტებმა განსაზღვრეს,  როგორი ფორმის და რა ზომის უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, მიახლოებული იქნება ისტორიულ „არგოსთან“. რადგან  მარტო ხე ვერ გარისკეს, რკინა გამოიყენეს, მაგრამ მეტალი არ გამოჩნდება. კონსტრუქცია ამ ეტაპზე ფოთშია და იქ აიგება. იდეის ავტორს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმარებიან, გემის თანმხლები პირები კონკურსის გზით შეირჩევიან. 

"წერეთლის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები მეხმარებიან. თავად ითხოვენ, რომ ჩავრთოთ. მონდომებულები არიან, თუმცა სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.  ვინც დაიმსახურებს ისტორიის უკეთ ცოდნით, ის წამოვა.  ვგეგმავთ, 2 ივნისს ვანელობის დღესასწაულს დავამთხვიოთ, რადგან ვანელებმა მეტად იქატიურეს.    ტიმ სევერინმა ჭყვიშამდე მიიყვანა „არგო“, ვაპირებთ, ჩვენც გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე მივიყვანოთ. გემზე ისტორიული გმირები გვეყოლება, იქნება  შოუ. ჯამში, 20 ადამიანი ვიქნებით, ალბათ"-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. მისი თქმით, სტუდენტებთან ერთად  მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება და ვანში დასრულდება.

ყოფილი დეპუტატი თვლის, რომ ეს თემა ქუთაისში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კითხვაზე, არის თუ არა გემი "ქუთაისის პორტის" გახმაურებულ თემასთან კავშირში, ხუმრობს, "ქუთაისში ვერ ვხსნით პორტს, მაგრამ ვანში გავხსნით", ამასთან, აცხადებს, რომ მას არ უთქვამს, რომ  ქუთაისში პორტი უნდა აშენდეს.  მისი თქმით, უახლესი ისტორია გაიხსენა, რომელშიც ვარციხის პორტზე იყო საუბარი. ამბობს, რომ ისტორიის არმცოდნეებმა მისი ნათქვამი ვერ გაიგეს და შავი პიარი აუგორეს. 

ომარ ნიშნიანიძე "არგონავტიკის" მუზეუმის მოწყობაზეც მუშაობს. როგორც აცხადებს, მათ მიერ აგებული "არგო" მუზეუმის წინ განთავსდება. 

 

 

ფოტოები: ომარ ნიშნიანიძის ფეისბუქ გვერდიდან

ავტორი: ნიუპრესი