|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ იყიდება“

„ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ იყიდება“,- ამის შესახებ „ნიუპრესს“ მოქალაქემ შეატყობინა. მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, ფსიქოტროპული აბების ხელმისაწვდომობის გამო მასზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა. 

  „აფთიაქებში რიგები დგას,  ახალგაზრდა ბიჭების უმრავლესობა ამ  პრეპარატისგან გათიშული დადის“, - განუცხადა „ნიუპრესს“ მოქალაქემ.  მისი თქმით, აფთიაქი,  რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ  და "ნისიადაც" კი გასცემდა, რუსთაველის ქუჩაზე უკვე დაიხურა.   აღნიშნული აფთიაქის დახურვის შემდეგ მისმა მომხმარებლებმა ავტოქარხნის დასახლებაში (ავტოქარხნის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე) მდებარე აფთიაქში გადაინაცვლეს. 

  როგორც ადგილობრივებმა "ნიუპრესს" განუცხადეს,  რუსთაველის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ერთი თვეა, რაც დაიხურა. თუმცა, რა გახდა აფთიაქის დახურვის მიზეზი, უცნობია. რაც შეეხება მეორე აფთიაქს, მის  მონაცემებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ.  "ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,   პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის წესის  დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში ობიექტი  12 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა პირველ შემთხვევაში  500 ლარით,   ხოლო  განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარით ჯარიმდება.

  P.S. სააფთიაქო ნარკომანიასთან  დაკავშირებით კომენტარი  შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი