ქუთაისში ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების მდგომარეობის შესწავლა იწყება
ქუთაისში ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიური მდგომარეობის შესწავლა მოხდება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ მიზნით მერის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომლის წევრები წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციიდან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები არიან.
როგორც მერიაში განმარტავენ, კომისიის შექმნის აუცილებლობა, სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის გაცემულმა ნებართვებითაა გამოწვეული. კომისია დადებს დასკვნას ქალაქში არსებული სკვერების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში სადაც ეკოლოგია არასახარბიელო მდგომარეობაშია, სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები, სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა. სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი