|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვა გრძელდება. მოსამართლეთა კოლეგია "საიას" და კოალიცია "ჩემი ხმის" 12 სარჩელს შეისწავლის.

კოალიცია “ჩემი ხმა” ამჯერად ხობის, ბათუმის და სენაკის 40-მდე უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

რაც შეეხება საიას, ისინი 16 ოლქში ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმოადგენელმა დღესაც მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით მოსამართლე შოთა სირაძის აცილებასთან დაკავშირებით. მოტივად წარსულში მისი საჯარო თანამდებობა, ასევე შვილის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნა დასახელდა.

მოსამართლე შოთა სირაძემ დასახელებული მიზეზები უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ წარსული საქმიანობა და შვილის თანამდებობა, გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სხდომა შოთა სირაძის თავმჯდომარეობით გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი