ქუთაისში სამი ქვეყნის მხატვრების მონაწილეობით ეკო-პლენერი გაიმართა
ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა.
ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.
პროექტის წამყვანი პარტნიორია ქ.ქუთაისის მერია, პარტნიორებია: უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო). ეკო-პლენერი საქართველოში ორგანიზებული იქნა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ.
პლენერზე შექმნილი ნამუშევრები ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში გამოიფინა. ღონისძიებას, ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდა.
თავდაპირველად ეკო-პლენერი დაგეგმილი იყო საქართველოში, სამი ქვეყნის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით, თუმცა COVID-19-ის შეზღუდვების გამო ეს შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, ეკო-პლენერი წარმატებით დასრულდა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ საინტერესო და შინაარსიანი ნაშრომები იქნა შექმნილი გარემოსდაცვით თემატიკაზე.
ხატვის სესიებთან ერთად, ეკო-პლენერის დროს გაიმართა საერთაშორისო ვებინარი მდინარეებისა და შავი ზღვის გარემოსდაცვითი პრობლემების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, ეკო-ტურები მდინარე რიონისა და შაორის ტბის არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა, კატალოგის გამოცემა, ასევე მომზადდება 2021 წლის კალენდარი, რომელიც გაფორმებული იქნება ეკო-პლენერის დროს შექმნილი ნაშრომებით.
ავტორი: ნიუპრესი