ქვეყანას არასდროს შეუწყვეტია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა - ქუთაისში 26 მაისი აღნიშნეს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკო და სიმბოლურად, მისი სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.
ქუთაისის მერიის ინიციატივით, სკვერის მიმდებარე კედელი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სტრიქონებით იქნა მოხატული.
,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენს ქვეყანას არასდროს შეუწყვეტია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და შესაბამისად მივაღწიეთ მიზანს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა, თავისუფლების მოყვარული ერისთვის. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ჩვენთვის და მათი ხსოვნისათვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და კიდევ უფრო გავამტკიცოთ“, - ზვიად შალამბერიძე.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
1939 წლის 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
ავტორი: ნიუპრესი