რა კავშირი აქვს გერმანიის ელჩს ქუთაისის უნივერსიტეტთან - Bild-ის სტატია
გერმანული გამოცემა Bild გერმანიის ელჩზე საქართველოში სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს და მასზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის მომხრედ არის მიჩნეული, მისი მეუღლე კი ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტშია დასაქმებული.
"მაშინ, როცა გერმანიის ელჩი საქართველოში გამორჩეულად ხელისუფლების მომხრედ ითვლება, მისი მეუღლე, ორმაგად სარგებლობს: სქართველოს მთავრობის კონტრაქტითა და ოლიგარქის უნივერსიტეტში საჯარო დასაქმებით", - წერია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტოკორუფციული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამ ფაქტს, როგორც "კორუფციის შესაძლო ნიშანი" განიხილავს.
ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩი 2018 წელს გახდა, ის მმართველი პარტია "ქართული ოცნებისა" და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
სწორედ კონკრეტული შემთხვევებია მიმოხილული Bild-ის სტატიაში:
"ქნირშმა მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან დაიცვა":
სტატიაში წერია, რომ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტზე ის პოლიტიკოსი [სოფო კილაძე] წარადგინა, რომელიც ჰომოფობად მიიჩნეოდა. აღნიშნული ათობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა, თუმცა გერმანიის ელჩის კრიტიკა არა კანდიდატურის ნომინაციას, არამედ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს შეეხებოდა.
Bild წერს, რომ 44-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიის ელჩს საჩივრით მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქნირშმა ძირი გამოუთხარა "სამოქალაქო საზოგადოების მცდელობებს, გამოავლინოს თავდასხმები ადამიანის უფლებებზე და სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დარღვევა".
"ქართული ოცნების" ხაზის კრახი პატიმრების გარიგებაში":
სტატიაში საუბარი შეეხო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებასაც. 2020 წელს, ხელისუფლებამ და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმდა. BILD-ის ცნობით, ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე გიორგი რურუას პოლიტიკური პატიმარი უწოდა და თქვა, რომ "შეთანხმების თანახმად, პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, საპატიმროდან გათავისუფლდება".
ოპოზიცია ელჩის სიტყვებს დაეყრდნო, თუმცა სამი თვის შემდეგ, მან ერთ-ერთ ტელევიზიაში თქვა, რომ "ბატონი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის, ეს ცხადია და ყველას შეუძლია წაიკითხოს".
"ქნირში გენერალურ პროკურატურას ეწინააღმდეგება":
გამოცემა Bild წერს: "2020 წლის ივნისში ქნირში საქართველოს მთავრობის დასაცავად გერმანიის ხელისუფლებას დაუპირისპირდა".
საქმე ეხება ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას. BILD წერს, რომ გერმანიის ელჩის მესიჯი ეწინააღმდეგებოდა ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომელშიც მანამდე ეწერა, რომ 2019 წელს, ბერლინში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მოტივი იყო მისი "პოზიცია პრორუსული მთავრობის მიმართ".
გამოცემის ცნობით, ქნირშმა Facebook-ზე დაწერა, რომ განცხადება "შეცდომაში შემყვანი ფორმულირებაა" და ის "გერმანიის სასამართლო ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა, რომ რაიმე სახით დაეხასიათებინა
საქართველოს მთავრობა".
"საკამათო არჩევნების მილოცვა":
სტატიაში ერთ-ერთ საკითხად ასევე განხილულია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. BILD წერს, რომ ელჩმა ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 20-დან 19 ქალაქში მოიგო, ძალიან სწრაფად გადაწყვიტა.
"ქნირშს სურდა, "მიელოცა ყველასთვის, ვინც მერად აირჩიეს" ოპოზიციას კი უთხრა, რომ შედეგების მიღება "ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა". "არჩევნების გაყალბებაზე" მხოლოდ ქართველი ოპოზიციონერები და უფლებადამცველი ორგანიზაციები არ საუბრობდნენ. ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე ისაუბრეს "ზეწოლისა და დაშინების ფართო და თანმიმდევრულ ბრალდებებზე, ასევე მოქმედი ხელისუფლების მიმართ გაუმართლებელ უპირატესობებზე", - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემამ კითხვით მიმართა საგარეო საქმეთა ოფისს, რომელმაც BILD-ის ცნობით, უპასუხა, რომ "ქნირშმა
მიულოცა ყველას, ვინც გახდა მერი და ადგილები დაიკავა საკრებულოში" და რომ არჩევნების შესახებ მისი შეფასება "ევროკავშირისგან არ განსხვავდება".
"ოპოზიციის ცილისწამების კამპანია ქნირშის წინააღმდეგ":
გერმანული გამოცემა BILD ბიძინა ივანიშვილს "რუსეთის მეგობრად მოიხსენიებს".
"საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი დგას, მხარი დაუჭირა ელჩ ქნირშს",-ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში წერია, რომ 2020 წლის ივლისში პარტიამ დაგმო "საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ
ქნირშის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ხელმძღვანელობდნენ".
"მაშინ როცა, გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან მტრულად გამოიყურება, როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან",-წერია სტატიაში.
ფედერალური საგარეო უწყება აღნიშნულს უარყოფს. BILD-ის კითხვის პასუხად ითქვა, რომ საელჩო და ელჩი საუბრობენ "ისე, როგორც მათ შეეფერებათ - კარგი ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან".
"ელჩის მეუღლის შემოსავლის წყაროები"
გამოცემა BILD ასევე საუბრობს ჰუბერტ ქნირშის მეუღლე, ევა მარია ქნირშზე და წერს, რომ ის თბილისში 2018 წელს ელჩთან ერთად ჩამოვიდა.
გამოცემის ცნობით, 2021 წლის გაზაფხულიდან, ელჩის მეუღლე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, "მოწვეულ ლექტორად" მუშაობს. "ამჟამად ჩვენს კლიენტს ანაზღაურებას უხდიან "მოწვეული ლექტორის" დონის მიხედვით, სწავლების საათში",-ასე უპასუხა ევა ქნირშის ადვოკატმა BILD-ის შეკითხვას.
გამოცემა წერს, რომ ეს გერმანელი პროფესორების ხელფასის ყველაზე დაბალი დონეა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩის მეუღლის ადვოკატიც და საგარეო საქმეთა სამინისტროც ამტკიცებდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯაროა, რაც გამოცემის ცნობით, "ფორმალურად სიმართლეა".
"ფაქტია, რომ 2019 წელს უნივერსიტეტმა 145 000 ევრო სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო, 2020 წელს კი 610,000 ევრო. მეორეს მხრივ, ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია ფონდ "ქართუს" ეკუთვნის, რომელიც ოლიგარქისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახისაა",-წერია სტატიაში.
ამას გარდა, BILD აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობიექტის შექმნისას განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ მაშინ, როცა საქართველოში ნორმალურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უწევთ სწავლების ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის ხანგრძლივი პროცესის გავლა, ოლიგარქიული უნივერსიტეტი (KIU) აკრედიტებული იქნა 2019 წლის ნოემბერში სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონით.
"აღიარებისთვის მათ მხოლოდ საკუთარი წესდების გამოქვეყნება მოუხდათ, რომელსაც შემდეგ ხელი მოაწერეს "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებმა",-წერია სტატიაში.
BILD-ის ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტი გერმანიის ელჩის ბიუჯეტში ერთადერთი წყარო არ არის, რომელიც მთავრობასთან ახლოს არის.
სტატიაში ასევე წერია, რომ 2020 წლის ივნისიდან ქნირშის ცოლი შტატგარეშედ, "საქართველოს წარმომადგენლად" მუშაობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია "TUM International"-ში.
მიუნხენის დაფუძნებული კომპანიის მთავარ გვერდზე ნათქვამია: "TUM International რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს საქართველოს მთავრობის სახელით".
"აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგად სარგებლობს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც "ქართული ოცნებისა და KIU უნივერსიტეტის უკან დგას, უნივერსიტეტიო, რომელიც მას [ევა ქნირშს] ასაქმებს... ერთის მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ბიძინა ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის სახელით",- წერია სტატიაში.
BILD-ის კითხვაზე საპასუხოდ, ფედერალური საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ უწყება მხარს უჭერს "საზღვარგარეთ გაგზავნილი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობას" და რომ ქნირშის საქმიანობა ცნობილია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა: "კორუფციის შესაძლო შემთხვევა""
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა BILD-ს დაუდასტურა, რომ გერმანიის ელჩი აქ აღიქმება ნაკლებად კრიტიკულად მმართველი პარტიის მიმართ.
"ელჩის მეუღლე გაორმაგებულია სამთავრობო კონტრაქტებით, "შეიძლება არ იყოს პრობლემა ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და მოქმედი ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა"... ანტიკორუფციული მკვლევარი ასკვნის: "ელჩ კნირშის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა არსებობდეს ნიშნები კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ",- ნათქვამია სტატიაში.
წყარო:მთავარი
ავტორი: ნიუპრესი