|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრთან?

შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც დღეს  პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს წარსდგება, კითხვები აქვს როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს.

„ევროპულ საქართველოს“ შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები, როგორც 12 მაისი მოვლენებთან, ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ექნება. ორგანიზაციის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ამ თემაზე 12 წელია მიმდინარეობს დისკუსიები და ჯერჯერობით სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა.

 „როგორც ჩვენ ვიცით, გახარია გააკეთებს უფრო ფართო მოხსენებას რეფორმებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, კითხვები გაცდება მხოლოდ 12 მაისის მოვლენებს, თუმცა იქნება ის ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, კითხვები იქნება პროპორციულობასთან, მიზანთან ამ ტიპის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  როდესაც ასეთი მასშტაბის სპეციოპერაციაა, კარგად უნდა გაანალიზდეს. სავარაუდოდ, იყო გადაცდომები, ამაზეც იქნება კითხვები და რაც მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს მთავრობა, ზოგადად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც 12 წელიწადია ვიხილავთ, დისკუსიებია და ჯერჯერობით სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა“, –განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ნაციონალური მოძრობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განმარტა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები 12 მაისის მოვლენებსა და ფაშისტური ჯგუფების შეუფერხებელი მუშაობის შესახებ ექნება.

„მთავარი შეკითხვა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრთან გვექნება, ეს არის, ზოგადად,  კრიმინალური ვითარება ქვეყანაში. საზოგადოების აზრით, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა დამძიმებულია. გარდა ამისა, შეკითხვები გვექნება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც იმ რეიდსა და თავდასხმაზე, რომელიც  განხორციელდა ღამის კლუბებზე, ასევე ფაშისტური ჯგუფების შეუფეხებელ მუშაობაზე ჩვენს ქვეყანაში, აფგან მუხთარლის საქმეზე, ასევე გასულ თვეებში  ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. შეკითხვები არის  ძალიან ბევრი, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს გახარიას საპარლამენტო ფორმატში“, –განაცხადა სალომე სამდაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები გუშინდელ აქციაზე განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მას აინტერესებს, ხელისუფლებაში ვის ინტერესში შედის, რომ ქვეყანაში დუღილის ტემპერატურამ აიწიოს.

„ცხადია, შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საჯაროდ დაისმება დღეს შს მინისტრის მიმართ. პირადად მაქვს რამდენიმე კითხვა. ეს არის დაკავშირებული, არა მარტო 12 მაისის სპეცოპერაციასთან და ამ სპეცოპერაციის განხორციელებასთან, როგორც ჩატარდა ის, არამედ გუშინდელი დაკავებების ფაქტებთან. რა ტიპის დაკავება იყო ეს ე.წ. პრევენციული დაკავება, რატომ ხდებოდა, რომ დაკავებულები ადვოკატის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რატომ ხდებოდა რომ ვერრეკავდნენ ოჯახებში, საერთოდ, რა მიზანი ქონდა, ამ ტიპის დაკავებების სერიას და რა ხდება, ხომ არ იწვევს დაკავებების  ეს ფორმა ქვეყნაში ემოციური მუხტის უფრო მეტად გაძლიერებას და ვის  ინეტერესში შედის ეს ბოლოს და ბოლოს?

ვითარება ყველა მხრიდან  არის დაძაბული ქვეყანაში და პოლიციამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეს ესკალაცია კი არ გაღრმავდეს და ემოციებმა კი არ იმატოს, არამედ დაისადგუროს საზოგადოებაში სიმშვიდემ და  სტაბილურობამ. არ ვიცი, ვის ინტერესში შედის, რომ დუღილის ტემპერატურამ აიწიოს. გუშინდელი დაკავების ფაქტებმა აშკარად აწია დუღილის ტემპერატურა საზოგადოებაში და ვის აწყობს ეს ხელისუფლებაში? მე ეს კითხვა მაქვს. იმდენი ფრთაა და იმდენი დაჯგუფებაა უკვე ხელისუფლებაში, რომ ძნელია, ასე ეჭვი მქონდეს ვინმეზე. კარგი იქნება, თუ თვითონ გააცნობიერებენ, რომ ამ ტიპის დაკავებებს სიკეთე არ მოაქვს“, –განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის  ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება შინაარსობრივ ნაწილთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, მინისტრი მსგავსი მოხსენებით პირველად გამოდის პარლამენტში.

„დღეს გვექნება შესაძლებლობა კითხვა–პასუხის ფორმატში  გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან და ასევე იქნება შესაძლებლობა გამოსვლების ფორმატში, მინისტრის მხრიდან გაკეთებული მოხსენების ფორმატში ყველა იმ საკითხზე, რაც ბოლო პერიოდში ისმის, დაინახოს საზოგადოებამ გაცილებით ფართო ჭრილში ამ საკითხის შინაარსი. მე პირადად, გამოვყოფდი ამ საკითხებიდან გამოხატვის თავისუფლების ნაწილში შსს მინისტრის მხრიდან მისი მანდატის და მისი ფუნქციის შესრულების თვალსზრისით, რამდენად ვუზრუნველვყავით სახელმწიფომ ამ უფლების რეალიზება, ასევე საინტერესო იქნება, დავინახოთ, არა მხოლოდ ბოლო პერიოდში აქციებთან დაკავშირებული ღონისძებები, რომელიც ჩაატარა სამინისტრომ, არამედ მთლიან ჭრილში ის სისტემური რეფორმები, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო ბოლო  დროს და დავინახოთ განსხვავება იმ უწყებებს შორის, რომელიც ჩაიბარა ამ ხელისუფლებამ 2013 წლიდან და დღეს პოლიციის სისტემა რეფორმის პროცესში სად მივიდა. ვფიქრობ, ეს ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ გამოწვევები და ის, რა შეიცვალა. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ პირველად შსს მინისტრი ანგარიშით გამოდის კომიტეტში, ან სხდომაზე. ეს მეტყველებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე“, –განაცხადა ეკა ბესელიამ.

მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს 15.00 წარსდგენა. მოხსენება დებატების ფორმატში გაიმართება. 

                                                   

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი