|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რატომ აცვია ამ თოვლის ბაბუას მამიკოს ფეხსაცმელები?!"

 გენადი მარგველაშვილი ერთ-ერთია იმათთაგან, ვისთვისაც განვლილი წელი წარმატებული აღმოჩნდა. #41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთაგან, პირველ რიგში, იმით გამოირჩევა,  რომ ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის მასთან დაკავშირება სიძნელეს არასოდეს წარმოადგენს.

ამ მიზეზების გამო  საახალწლო სტუმარად სწორედ  ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტატი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი შევარჩიეთ. 

- მოდით, ჯერ განვლილი წელი შევაფასოთ, ეს წელი თქვენთვის გამორჩეული ნამდვილად იყო... და მაინც, როგორ შეაფასებთ 2016 წელს?

-რადგანაც საახალწლო სტუმარი ვარ, ჯერ  შობა-ახალ წელს მოგილოცავთ, თქვენ და თქვენს მკითხველს, მადლიერებას გამოვხატავ, რომ ასეთი საპატიო მისია დამაკისრეთ. მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოვო ყველას, ჯანის სიმრთელე, ოჯახთა სიძლიერე, შრომით შეძენილი დოვლათის სიმრავლე, სიყვარული მოყვასის, სამშობლოსი და, რა თქმა უნდა, უფლის, ცოდნაში და მრწამსში გაძლიერება და ღირსებით და თავისუფლად ცხოვრება  ვუსურვო  ჩემს ამომრჩეველს და მთელ ქვეყანას, მრავალჟამიერ!..

 რაც შეეხება 2016 წელს, პირადად ჩემთვის დადებითი ემოციების მომტანი წელი იყო. როგორც სკოლის დირექტორს -განსაკუთრებულად წარმატებული წელი გვქონდა - 7 გამარჯვება მოვიპოვეთ საერთაშორისო ოლიმპიადებზე (2-ოქრო, 7 ბრინჯაო). ეს წელი ბედნიერი იყო ასევე  ჩემი ოჯახისთვის,  თითქოს ეს მოსალოდნელი და წინასწარ დაგეგმილი  იყო, ჩემი ოჯახის ყველა წევრმა თავის მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია.  ქვეყნისთვის კი 2016 მნიშვნელოვანი იყო იმით რომ - ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დიდი უპირატესობით, რაც რა თქმა უნდა, ამავე დროს დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. აღსანიშნავია, ჩვენი ხელისუფლების მკაფიოდ დაბალანსებული პრაგმატული პოლიტიკა ყველა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, ამას დავუმატოთ ევროპის მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯები, ვიზალიბერალიზაცია და მზაობა ევროატლანტური ალიანსის წევრობისათვის.

- გეგმავდით პოლიტიკაში მოსვლას, თუ  მმართველი გუნდის შემოთავაზება მოულოდნელი იყო? როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და როგორი იყო პრემიერის როლი?

-გვიქრობ, პოლიტიკაში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია. სკოლაში, ზოგადად, არაა მიზანშეწონილი პოლიტიკური აქცენტების გაკეთება. აქ ყველაზე დიდი პოლიტიკაა მოსწავლეს თავი შეაყვარო, მიახვედრო, რომ ის განსაკუთრებულია, უნიკალურია. ჩემი მოსწავლეები შემდგარი პიროვნებები არიან, მათ ისწავლეს, რომ ცოდნა არაფერია ზნეობის გარეშე. უმეტესობა მათგანი სასწავლებლიდან საზღვარგარეთ წავიდა. ზოგი დაბრუნდა, მერე ისევ წავიდა. ამ თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაში თვითრეალიზაცია ვერ  შეძლო. მე გადავწყვიტე მათ დავხმარებოდი, ამისათვის კი ცხადია დამჭირდა „პოზიციის გაძლიერება“- პარლამენტარად გახდომა.

პრემიერი ჩემი მეგობარია, როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსასუბრობდით, მან დამარწმუნა, რომ მე შემწევდა ძალა ამ ხალხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ჩემი გამოცდილების სხვა დირექტორებისათვის გადასაცემად.  გამოჩნდა ასპარეზი მეტი მოქმედებისათვის.

რომ არ იყოს დაკარგული  არც ერთი გამორჩეული ნიჭის ქართველი, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში. ჩვენ გაბნეული ალმასები უნდა ვიპოვოთ და მივცეთ მათ შანსი ბრილიანტის შუქით გაანათონ ქვეყანა.

შესაბამისად, ცხადია, ამ გადაწყვეტილებაში  პრემიერის როლი დიდია.

- თქვენთვის რა შეცვალა ამ ფაქტმა,  რას ნიშნავს იყო მოსახლეობის რჩეული და რა პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს?

-ცხადია, შეიცვალა ყოველდღიური შინა განაწესი, მოვამზადე რამდენიმე სალექციო პაკეტი, რომელიც აუცილებელია, რომ ჩემს სკოლაში საოლომპიადო წრეზე წავიკითხო, ასევე, ვფიქრობ, პედაგოგიური მოღვაწეობა ზოგ სხვა სკოლაშიც განვახორციელო.

გარდა ამისა, უკვე გაიხსნა ჩემი, როგორც მაჟორიტარის ბიურო, სადაც ჩემი ამომრჩეველი შეძლებს ნებისმიერი კარგი ინიციატივის წარმოჩინებას, რასაც ადგილობრივ  თვითმმართველობასთან  ერთად შეძლებისდასგვარად განვახორციელებთ.

- რა ცვლილებები იგეგმება განათლების სფეროში საკანონმდებლო კუთხით პირადად, თქვენ გექნებათ თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა?

-ამჯერად ვცდილობთ, შევქმნათ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მთავარია არსებობს საკანმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა განათლების სისტემაში მდგომარეობა გამოსწორდეს სავალალოდან კარგისკენ, კარგიდან-უკეთესისკენ... ამ მიმართულებით 2017 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით შრომატევადი იქნება. ძითითადი ამოცანაა მოვაბრუნოთ მოსწავლე სკოლისკენ, სტუდენტი აუდიოტორიისკენ, პროფესორ-მასწავლებლები გავხადოთ მაღალანაზღაურებადი.

მე მაქვს ამ მიმართულებით რამდენიმე "რეცეპტი", რომლის შედეგს, ვფიქრობ, მალე შეამჩნევს ქუთაისის მოსახლეობა.

- არჩევნების დასრულებიდან მოკლე ხანში თავი იჩინა ეკონომიკურმა პრობლემებმა, იზიარებთ თუ არა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას?

-სრულად ვიაზრებ პასუხისმგებლობას. ქვეყნის შიდა პროდუქტის გასამრავლებლად აუცილებელია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით უფრო მეტის შექმნა შეუძლიათ. საჭიროა სწორი ბიზნეს-გეგმები და ცოდნა. ასევე მნიშვნელოვანია უკვე გაკეთებულის  მძლავრი პიარი, რომ  ამით სხვებს სტიმული მიეცეს.

- ახალ წელთან დაკავშირებით რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ და რაიმე საახალწლო ისტორია თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?

-ერთადერთი ტრადიცია ისაა, რომ ვცდილობთ, რომ ოჯახის რაც შეიძლება მეტი წევრი ვიყოთ ერთად. სამწუხაროდ, ამას ყოველთვის ვერ  ვახერხებთ (უფროსი ქალიშვილი სტუდენტია), მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მაინც ერთად ვართ.

ერთხელ, როცა  შვილები პატარები იყვნენ, მე თავად გამოვეწყვე თოვლის ბაბუას ფორმაში და სრულიად სერიოზულად შევასრულე ეს მნიშვნელოვანი როლი, ისე, რომ კინაღამ უფროსებიც დავაჯერე, თუმცა ერთი დეტალი ვერ გავთვალე,  პატარებმა იკითხეს -რატომ აცვია ამ თოვლის ბაბუას მამიკოს ფეხსაცმელები?!- ფეხსაცმელების გამოცვლა ვერ მოვიფიქრე...  :) 

- როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი იქნება მომავალი  2017 წელი?

-მინდა იყოს შრომით სავსე და ისეთი პრობლემებით, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელი იქნება. მინდა გამოჩნდეს ბევრი პოზიტივი და ნახევრად სავსე ჭიქაზე არ ვიყვიროთ, ნახევრად ცარიელიაო.

სხვა მხრივ, ბევრი „შედგენილი“ წელიწადის  წელიწადის შემდეგ, როგორც იქნა მოვიდა „მარტივი“ 2017 წელი. 2017 მათემატიკურად მარტივი რიცხვია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე