"რატომ უნდა დაუთმოს ქალაქმა 182 კვ. მ მიწა ეკონომიკის სამინისტროს?"
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 19 სექტემბერს ერთადერთი საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი, თუმცა საკრებულოს სხდომის დაწყებისას ოპოზიციის დეპუტატის მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორების შემდეგ საკითხი განუხილვევად, დაჩქარებული წესით მიიღეს.
შედეგად, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (დავით აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩის გადაკვეთაზე) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემისა და სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკითხი ჩხუბიდან საკრებულოს დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე პოზიცია ვერ დაფიქსირეს, თუმცა გადაწყვეტილების წინააღმდეგი არიან "ევროპული საქართველოს" დეპუტატები. დავით გოგისვანიძის განმარტებით, ქალაქი თუ აუქციონზე გაყიდდა აღნიშნულ ტერიტორიას, ამით მეტ მოგებას ნახავდა. "რატომ უნდა დაუთმოს ქალაქმა 182 კვ. მ მიწა ეკონომიკის სამინისტროს და რატომ ჩვენ ვერ უნდა მოვახდინოთ ამ მიწის რეალიზაცია, რაც დამატებით თანხებს მისცემდა ქუთაისის ბიუჯეტს და მეტი პროექტის განხორეციელების შესაძლებლობა იქნებოდა?"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
მერაბ მეშველიანის განმარტებით კი, პირიქით, ქალაქს უნდა ეზრუნა მუზეუმის ყოფილი შენობის დაბრუნებისათვის, რის შემდეგაც თავად მოახდენდა ტერიტორიის განკარგვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის ამჟამინდელი მეტი თავის წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობების ქალაქისათვის დაბრუნების პირობას იძლეოდა.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მან თავისი პოზიცია წინა დღით დააფიქსირა და თემურ ჭყონისათვის ტერიტორიის დათმობის გადაწყვეტილება "კოკა-კოლას" წარმომადგენლის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისათვის 50 ათასი ლარის გადარიცხვის ფაქტს დაუკავშირა და ხელისუფლებას ბრალი "პოლიტიკურ კორუფციაში" დადო.
,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზმენსმენს, რადგან კომპანია "კოკა-კოლას" წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკითხს გამოეხმაურა ქალაქის ყოფილი მერი შოთა მურღულია, რომელმაც გასულ წელს თავად მოაწერა ხელი თემურ ჭყონიასთან შეთანხმებას და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს საკითხის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. მურღულიას განმარტებით, ქალაქში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის და ამას ხელი არ უნდა შეუშალონ.
"მე თუ მკითხავთ, უფასოდაც უნდა აძლევდნენ ადგილს. რამოდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისში ქალაქ ქუთაისის მერიაში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ქუთაისის ცენტრში "ქორთიარდ მარიოტის" მშენებლობას გულისხმობს. დაახლოებით 120- ნომრიანი 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 10 მილიონი დოლარი იქნება. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ბატონმა თემურ ჭყონიამ, OPIC წარმომადგენელმა და ქორთიარდ მარიოტის წარმომადგენელმა. სიმბოლურია, რომ ეს ქალაქ ქუთაისის მერიაში განხორციელდა. ამ შეთანხმებით ბატონმა თემურმა დააფიქსირა მშენებლობის სურვილი, OPIC-მა დაფინანსების თანხმობა და "ქორთიარდ მარიოტმა" ოპერირების თანხმობა. ამის შემდეგ ბატონ თემურს მუზეუმის ძველი შენობა უნდა შეესყიდა ეკონომიკის სამინისტროდან. ასევე საჭირო იყო 184 კვ. მწვანე ზოლის გადაცემა. შეთანხმებას წინ უძღოდა ქალაქის ცენტრში "მაკდოლადსის" გახსნა, რომელიც ასევე OPIC-თანადაფინანსებით განხორციელდა. ზუსტად ეს არის ამ ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობა და ჩვენ ქალაქის ცენტრში მივიღებთ მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას. ამ ყველაფერს უნდა დავამტოთ, რომ ეკლესიის ლეგიტიმური მოთხოვნაც დაკმაყოფილებული იქნა.
ავტორი: ირინა მაკარიძე