|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუსიკა ქარში" - რეზო ჭეიშვილის დაბადებიდან 86 წელი გავიდა

 რეზო ჭეიშვილის დაბადებიდან 86 წელი გავიდა. მწერალი და სცენარისტი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსენეს.  შეკრებილებმა რეზოს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას მწერლის მეუღლე ქალბატონი მარინა ვერულაშვილი ესწრებოდა. 

 "სიკვდილზე არ ფიქრობდა, მისი წინაპრები დიდხანს ცოცხლობდნენ და ფიქრობდა, რომ თვითონაც ასე იქნებოდა. რამდენჯერაც ცუდად გახდებოდა და რამეს ვეტყოდი, აქეთ მამშვიდებდა,  ნუ გეშინია, ხომ იცი რა გენები მაქვსო... მადლობა ყველას, ვინც რეზო გაიხსენა, დღეს საფლავზე როდესაც ავედი, ჩემთვის მოულოდნელად იქ დამხვდნენ ბათუმელები, მათ შორის იყო შოთა გუჯაბიძე, ეს პიროვნება ერთად გავიცანით მე და რეზომ რამდენიმე წლის წინ,  მან გაგვაოცა,  რეზოს შემოქმედება ზეპირად იცოდა, ზოგი რამეები რეზოსაც აღარ ახსოვდა... დღევანდელი დღე ჩემთვის არის დიდი ტკივილის და დიდი სიხარულის, რადგან რეზო ხალხს ახსოვს, მგონია, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება",  - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მწერლის მეუღლემ. 

 მისი თქმით, მწერლის შემოქმედებიდან მისთვის განსაკუთრებულია ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "მუსიკა ქარში".

"ძალიან ბევრ მის ნაწარმოებში ვხედავდი ჩემს თავს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მიყვარს "მუსიკა ქარში", ეს მისი ცხოვრებაა, მისი ოჯახის, მისი შვილების ცხოვრება", -აღნიშნა მარინა ვერულაშვილმა. 

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. იყო მრავალი რომანის, მოთხრობისა თუ პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. რეზო ჭეიშვილი 2015 წლის 11 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ქუთაისში მწვანე ყვავილას პანთეონში.

ავტორი: ნიუპრესი