როგორ მოქმედებს დოლარის კურსი შენს ყოველდღიურობაზე
ალბათ შენც ხშირად ადევნებ თვალს ვალუტის კურსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ონლაინ შენაძენს აკეთებ ან საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავ.
ვალუტის კურსი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების რეალურ ღირებულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის მცირე ცვლილებაც კი შეიძლება იგრძნო შენს ჯიბეზე. მაგრამ როგორ ყალიბდება დოლარის კურსი და რატომ აქვს დოლარს ასეთი გავლენა მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკაზე?
რა ფაქტორები განსაზღვრავს დოლარის კურსს
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი ეკონომიკური მაჩვენებელია და მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას:
- საპროცენტო განაკვეთები – როცა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ინვესტორები უპირატესობას დოლარში დახარჯულ აქტივებს ანიჭებენ, რაც ზრდის მოთხოვნას დოლარზე.
- ინფლაცია და ეკონომიკური მაჩვენებლები – დაბალი ინფლაცია და ძლიერი ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს დოლარის გამყარებას.
- გეოპოლიტიკური სტაბილურობა – კრიზისების დროს ინვესტორები, ხშირად სწორედ დოლარს მიმართავენ, როგორც “უსაფრთხო თავშესაფარს”.
- აშშ-ის ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული ბალანსი პირდაპირ მოქმედებს კურსზე.
რატომ არის დოლარი გლობალური სარეზერვო ვალუტა
შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მსოფლიოს თითქმის ყველა ცენტრალურ ბანკს რეზერვებში დოლარი აქვს. რატომ?
- ამერიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და სტაბილური ეკონომიკაა.
- ნავთობის და სხვა სტრატეგიული რესურსების ფასების დადგენა დოლარში, ქმნის მუდმივ მოთხოვნას დოლარზე საერთაშორისო ბაზრებზე.
- აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო ინსტრუმენტად.
- დოლარით შეიძლება სწრაფად და მარტივად განხორციელდეს საერთაშორისო გადახდები.
ამ ყველაფერმა დოლარს მიანიჭა გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსი, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის მის გავლენას სხვა ვალუტებზე.
როგორ მოქმედებს დოლარის კურსი საქართველოს ეკონომიკაზე
დოლარის კურსი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია უამრავი მიზეზის გამო:
- საქართველოს ბევრ პროდუქტზე (ტექნიკა, საწვავი, მედიკამენტები) დამოკიდებულება აქვს იმპორტზე, რაც ნიშნავს, რომ დოლარის გაძვირება ავტომატურად ზრდის ამ საქონლის ფასს.
- ბევრი სესხი ან ლიზინგი დოლარშია ნომინირებული, ამიტომ კურსის ზრდა, ასევე ზრდის გადასახადს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შემოსავალი ლარში უფიქსირდებათ.
- ექსპორტიორებისთვის დოლარის გამყარება დადებითი მოვლენაა, რადგან მათ მიერ მიღებული შემოსავალი ლარში იზრდება.
- დოლარის გამყარება ზრდის ფასებს და საბოლოოდ იწვევს ინფლაციას, რაც მთელი მოსახლეობის შემოსავალზე მოქმედებს.
- როგორც კი დოლარის კურსში მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, შედეგი პირდაპირ იგრძნობა როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — მაღაზიაში, ბანკსა თუ ბენზინგასამართ სადგურზე.
დოლარის კურსის ცვალებადობა, ერთი შეხედვით შეიძლება ზედმეტად ტექნიკურ თემად მოგეჩვენოს, მაგრამ მისი ზეგავლენა შენს ყოველდღიურ ფინანსურ მდგომარეობაზე დიდია.
აუცილებლად მიადევნე თვალი დოლარის კურსის ცვლილებას, უკეთ დაგეგმე შენი ხარჯები, გადახდები და დაიცვა თავი ფინანსური გაურკვევლობისგან.
ავტორი: ნიუპრესი