"რუსთაველის ქუჩა არის მაგალითი იმისა, თუ რა არაეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურები"
ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე გაჭიანურებულ სამუშაოებს ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვაძე ეხმიანება.
"რუსთაველის ქუჩა არის მაგალითი იმისა, თუ რა არაეფექტურად, არაადეკვატურად და არააკოორდინირებულად მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურები. ამ შემთხვევაში, საუბარია წყალმომარაგების კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ნაცვლად იმისა, რომ დაანონსებულ ერთ თვეში მორჩენილიყო შავი სამუშაოები, სახეზე გვაქვს სრული უპასუხისმგებლობა, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, ხელები დაიბანოს. მეოთხე თვეა მიმდინარეობს სამუშაოები და როგორც ვხედავთ ამის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა ქალაქში გადაადგილებისა, როგორც ადგილობრივებისათვის ასევე ჩამოსული ტურისტებისათვის. თან ეს ყველაფერი დაემთხვიეს ზაფხულს, ყველაზე მოძრავ პერიოდს, რამაც მოსახლეობის ობიექტური უმაყოფილება გამოიწვია"განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
მისი თქმით. წყალმომარაგება საკითხი უნდა გადმოეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს და ის უნდა გახდეს სრულად პასუხისმგებელი პრობლემების მოგვარებაზე.
შეგახსენებთ, ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისათვის სამუშაოები 87 მილიონიანი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია SMK ახორციელებს. რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები ივლისში დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. სამუშაოების შეფერხების გამო კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულდების ვადა შეიცვალა
ავტორი: ირინა მაკარიძე