რუსთავი 2-ის ყოფილი თანამშრომელი ფილადელფიაში გარდაცვლილი იპოვეს
კარგად უთქვამს ოტია იოსელიანს: „საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან!..“ თუმცა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც შეძლეს საქართველოში თავის რეალიზება "ხელიდან წასვლის" გარეშე, მაგრამ უმეტესობამ საქართველოდან წასვლა არჩია. ხოდა, ამჯერად, სამუდამოდ დატოვა “რუსთავი 2”-ის ყოფილმა თანამშრომელმა მშობლიური და უცხო ქვეყანაც; ქვეყანა, სადაც ვერ დააფასეს მისი ნიჭი და იგი 16 წლის წინ შევარდნაძის დროინდელი საქართველოდან წამოვიდა. აქვე აღვნიშნავ, რომ მაშინ “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოების საკეთილდღეოდ, რომელთაც რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა... და ერთხელაც ამერიკაში ჩამოსული ტელეოპერატორი უკან აღარ დაბრუნდა, რომელსაც ეგონა, რომ “ჯინსების თაობის” მიერ არჩეულ ქვეყანაში უკეთ იცხოვრებდა; როგორც სხვა ემიგრანტები, მასაც უამრავ ქარტეხილთან მოუწია შებრძოლება, მათ შორის არაპროფესიული საქმიანობით თავის რჩენა, თუმც ვინც გაიცნობდა, მის მენტალიტეტს და კულტურას ყველა ამჩნევდა. მე პირადად გელა სულ რამდენიმე თვეა რაც გავიცანი; აქ, ამერიკაში, პოკონოში მოგვიწია სიუჟეტის გადაღება და იქ უნდა მენახა. ბევრგან ვიკითხე როგორ გამოიყურება-თქო და თითქმის ყველასგან ერთი პასუხი მივიღე: „ვისაც დაინახავ ყველასაგან გამორჩეულს, ეს არის გელა!“ ერთი მხრივ, გამიკვირდა, განა რით არის ასეთი გამორჩეული-თქო და მართლაც, რომ დავინახე ჭაღარა, მაღალი ქართველი ვაჟკაცი, ძალიან კეთილი თვალებით, გამიხარდა. სიუჟეტს ჩემი შვილი - ანუკი - უძღვებოდა, რომელსაც რამდენჯერმე შეეშალა ტექსტი, თუმცა მან ძალიან დიდი ნებისყოფით რამდენიმე კადრი ჩაწერა და ანუკი გაახარა.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, ანსამბლ „მამულის“ ხელმძღვანელთან - ბატონ ავთანილ ყურაშვილთან ინტერვიუს ჩაწერისას, რომელიც ძალიან ღელავდა მისი პირველი კონცერტის შემდეგ, მოულოდნელად გელამ იქვე მაგიდიდან ღვინით სავსე სასმისი აიღო და ავთანდილს უთხრა: “მოდი, ახლა იმ მამულს გაუმარჯოს, ჩვენ რომ გველოდებაო!” რომ იცოდეთ იმ დროს როგორი სიყვარულით და სევდით აევსო თვალები.
მოგეხსენებათ, ფილადელფიაში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ბევრი ღირსშესანიშნავი ღონისძიება ტარდება მეუფე საბას წყალობით. ყველა მნიშვნელოვანი კადრის ავტორი, რომელიც ამ ღონისძიებას აღბეჭდავს, გელა ჯოხაძეა.
16 წელი ისე გავიდა, მან ვერ მოახერხა საქართველოში ჩასვლა და მხოლოდ 16 წლის შემდეგ დაიწერა მისი „ფეისბუკის“ გვერდზე: „ავფრინდი! ვაშა!“ ვინ იცის, რაოდენი სიხარული და განცდა იყო ამ სიტყვებში... შემდეგ კი ისევ გამოჩნდა სტატუსი: „სახლში ვარ!!!...“ და უამრავი ძახილის ნიშანი. მისთვის სახლი მხოლოდ სამშობლოში იყო. არაერთი კომენტარი წავიკითხე გელას საქართველოში ყოფნის პერიოდში დადებულ სტატუსზე და დავრწმუნდი, მართლაც რა გამორჩეული ყოფილა ყველასთვის... წერდნენ, თუ როგორ უნდოდათ მასთან შეხვედრა.
ასევე, გვერდს ვერ ავუვლი მის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სხვა სტატუსსაც, განსაკუთრებით ამას: „ამერიკაში მამების დღეა, მაგრამ გაუფრთხილდით დედებს!“ იგი საოცრად თბილი მამა იყო. „ფეისბუკის“ პირად გვერდზე რუბრიკის სახით ჰქონდა „დღეში ერთი სურათი“ თავის პატარა სალომესთან ერთად, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ არცერთი ფოტო არ ჰგავს ერთმანეთს. მან დიდი სიყვარული ჩადო შვილთან ერთად გატარებულ თითოეულ წამში და ეს ფოტოებზეც კარგად ჩანს: მრავალფეროვანი, თბილი, ემოციური და მრავლისმთქმელი ფოტოები დღეს უკვე სასიამოვნო განცდასთან ერთად ტკივილიან გრძნობებსაც აგვიშლის.
ორი დღის დაბრუნებული იყო გელა საქართველოდან, რომ გარდაიცვალა. მისმა გულმა ვერ გაუძლო საქართველოში ხალხისა და სამშობლოს დატოვების განცდას. მისი გარდაცვალება არამხოლოდ ფილადელფიის ემიგრანტების, არამედ სრულიად საქართველოს დანაკლისია! საქართველოსი, რომელსაც უამრავი ქართველი ტოვებს დღითიდღე. ჩვენ - ყველა - სახლს სადღაც ვეძებთ, რომ თბილი კერა შევქმნათ. არადა, ადრე თუ გვიან ვხვდებით, რომ კომფორტში ვერ ვიპოვეთ სახლი, ვერც თბილი კერა და ვერც სამშობლო!
წყნარ ოკეანეს ისევ გადარეული და მღვრიე თერგი გადაფარავს. ამ სტატიის წერის დროს იცით სად ვარ? NY- ის შუაგულში, მაღალი შენობების წინ, სადაც უამრავი ხალხი ირევა ჩემს თვალწინ და გჯერათ, რომ მე აქ NY-ს ვხედავ? რა თქმა უნდა, არა! მეც გელასავით მტკივა გული და ერთი სული მაქვს, როდის დავწერ ჩემს „ფეისბუკის“ გვერდზე: „ვაშა, სახლში ვარ!“
ავტორი: ლელა ვაშაკიძე