|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო სპეცუბნები უქმდება

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა კანონით აიკრძალება. პროექტს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა, მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა.  

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, არჩევნებში მონაწილეობას, როგორც წესი, მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.
კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ის სპეციფიკა, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი არჩევნების დღეს სამსახურის პირობების (მაგ. საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნა) ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს რეგისტრაციის ადგილზე გამგზავრებას. ამიტომ, მათ სპეციალურ სიაში შეიყვანენ და ხმას მისცემენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე. სიახლეა სამხედრო მოსამსახურეების პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში სპეცსიებით მონაწილეობასთან დაკავშირებითაც. ამის საშუალება ექნებათ იმ მოსამსახურეებს, ვინც არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით განთავსებული იქნება დისლოკაციის ადგილზე ან თუ ისინი ადგილსამყოფელს შეიცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამ კატეგორიის პირები, მიუხედავად მათი სამსახურის სპეციფიკისა, წარმოადგენენ ადგილობრივი საზოგადოების ნაწილს და უნდა სარგებლობდნენ თანაბარი საარჩევნო უფლებით.
ავტორები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი საარჩევნო პროცედურების დახვეწასა და სპეციალური საარჩევნო უბნების თუ სპეციალური საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენციას შეუწყობს ხელს. ასევე, უზრუნველყოფს სპეციალურ სიებში შეყვანილი პირების საარჩევნო უფლების დაცვას, მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილებას და ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის მინიმიზაციას.

 

სტატიები მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა