|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს მოქალაქეები უყურადღებობაში ადანაშაულებენ

აბერძნეთში საქართველოს საკონსულოს მოქალაქეები უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მოქალაქე დალი გოგიჩაიშვილის  განცხადებით, საკონსულოს თანამშრომლები სამუშაოს მცირე დროს უთმობენ, ხოლო მუშაობის პერიოდში მოქალაქეთა მომსახურება ეზარებათ.

"საკონსულოში, როდესაც აღრიცხვაზე ვიყავით, ფურცელს გვაძლევდნენ ხოლმე, ახლა ეს წესი შეიცვალა. აღარ გვაძლევენ ფურცელს და გვეუბნებიან, რომ სისტემაში ხართ შესულიო. საბერძნეთში 13 წელია ვიმყოფები და ვმუშაობ. საქართველოში სახლი მაქვს დატოვებული, სადაც გადასახადებს ვიხდი. იუსტიციის სახლში ვიყავი მისული, თუმცა იქ მითხრეს, რომ არ ჩანს საკონსულოში აღრიცხვაზე ჩემი ყოფნა, ამიტომ მითხრეს, ათენში საკონსულოში მიდით და აღრიცხვაზე დადექითო. უპასუხისმგებლოები არიან. არ ვიცი თავისი სამსახური არ უნდათ თუ მოსწყინდათ. ჯერ ერთი, დასვენების დღეების გარდა, საელჩო ოთხშაბათსა და შაბათ-კვირას ხომ არ მუშაობს, შემდეგ სამუშაო საათები 9-დან პირველამდე აქვთ. ადამიანებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ და საკუთარი საქმის კეთება ეზარებათ. პირველს აკლდა ოცი წუთი, რომ მივედი, რათა მინდობილობა გამომეგზავნა შვილთან. უარი მითხრეს, ვეღარ მოვასწრებთ მინდობილობის გამოწერას, ბევრი ხალხია გაშვებული ბანკშიო. მე ვუთხარი, თქვენ გამომიწერეთ მინდობილობა და დანარჩენს მე მივხედავ-თქო. გამომიწერა, ავედი ბანკში, ჩემს გარდა კაციშვილი არ იყო. პირველს ხუთი წუთი აკლდა, რომ დავასრულე ჩემი საქმე. ჯერ მცირე ხანს ხომ მუშაობენ და შემდეგ ისე მუშაობენ, რომ იძულებულს გხდიან, გალანძღო. საბერძნეთის საელჩოზე ამიტომ არის ყველაზე დიდი პრეტენზიები. ომონიაზე რომ გაიაროთ, ყველანი უკმაყოფილო არიან საელჩოთი. საქართველოში საქმის გასაკეთებლად ჩამოვედი, მაგრამ საქმე ვერ გავაკეთე," - აცხადებს დალი გოგიჩაიშვილი.
დალი გოგიჩაიშვილი ერთადერთი ემიგრანტი არ არის, რომელიც საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. საკუთარ მოქალაქეთა მიმართ საელჩოებისა და სათვისტომოების მიერ გამოჩენილი უყურადღებობის მიზეზების გარკვევას სააგენტო "gemigrations" შეეცადა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  უწყების პრესსამსახურში  ზარებს  არ პასუხობდნენ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი