"სად ჩატარდება პარლამენტის პლენარული სხდომები, თბილისში თუ ქუთაისში, ბიურომ გადაწყვიტოს"
“ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის.
"პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი რეგლამენტით არ იყოს განსაზღვრული, ან რეგლამენტს თბილისიც დაემატოს, ხოლო თუ სად ჩატარდება პლენარული სხდომები, თბილისში თუ ქუთაისში, შემდგომ ბიურომ გადაწყვიტოს"-განაცხადა მათიკაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივით, მათიკაშვილი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პასუხად, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, აღნიშნული უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხია, ვიდრე - სამართლებრივში. მან კოლეგებს პარლამენტის ადგილსამყოფელის რეგლამენტში შენარჩუნებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში დისკუსია შესთავაზა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად კვლავ მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის, ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.
ავტორი: ნიუპრესი